ბაჩიაშვილი VS ივანიშვილი - 9 თვიანი პაუზის შემდეგ სასამართლო პროცესები ერთი მეორეს მიყოლებით ჩანიშნეს
დაიწყო თუ არა რეჟიმმა გიორგი ბაჩიაშვილის საქმის ფორსირებული განხილვა?! - თითქმის 9 თვიანი პაუზის შემდეგ სასამართლო პროცესები ერთი მეორეს მიყოლებით ჩანიშნეს.
მოსამართლე დღეს ირწმუნებოდა, რომ სხდომების გამართვა არასამუშაო დღეებშიც შეუძლია, თუმცა საქმის განხილვა ვერ დაიწყო, რადგან ბაჩიაშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავადმყოფობის გამო პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ითხოვს, რომ ის პირადად უნდა ესწრებოდეს სასამართლო სხდომებს.
შემდეგი სხდომა 23 იანვარს ჩაინიშნა.
ცხრა თვე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა და ჩვენ არაერთი განცხადებით მივმართეთ სასამართლოს, ვითხოვდით, სხდომის ჩანიშვნას. გუშინ, შევატყობინეთ სასამართლოს, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა პროცესზე გამოცხადებას და ვითხოვეთ რამდენიმე დღით გადადება, თუმცა მივიღეთ პასუხი, რომ პროცესი მაინც გაიმართება. გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს ის ფაქტი, რომ სასამართლოს ფაქტობრივად ყოველდღიური რეჟიმით, მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის არასამუშაო დროსაც ჰქონდა სურვილი გაეგრძელებინა საქმის განხილვა, რაც ზოგადად ბუნებრივი არ არის სტანდარტული საქმეებთან მიმართებით და ჩვენი წარმოდგენით ეს ემსახურება, რაც შეიძლება სწრაფად განხილვის დასრულებას'', - ამბობს ლევან მგალობლიშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.