"ძლიერი საქართველოს" ლიდერების მაღალი რანგის შეხვედრები - ბოლო ცნობები ამერიკიდან

15.01.25 21:12
"ძლიერი საქართველოს" ლიდერების მაღალი რანგის შეხვედრები - ბოლო ცნობები ამერიკიდან

გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმასა და მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ამერიკელმა კონგრესმენებმა ინფორმაცია პირადად ქართველი პოლიტიკოსებისგან მიიღეს. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები ცოტა ხნის წინ კონგრესმენებს  რონალდ ესტესს და  კეროლ მილერს შეხვდნენ. ორივე პოლიტიკოსი "მეგობარი აქტისა" და "ქართული კოშმარის" არაღიარების აქტის მხარდამჭერია. 

ახალი არჩევნები, როგორც ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან - ეს იყო კონგრესში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა. 

ჩვენ მივაწოდეთ კონგრესმენებს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კოალიციის ლიდერი ბატონი გახარია, ''ქართული ოცნების'' ძალადობრივი ჯგუფის მიერ უმოწყალოდ იყო ნაცემი. 

ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც დე ფაქტო მმართავს ქვეყანას, აგონიაშია, მას მიაჩნია, რომ ასეთი ძალადობით დაშინდებიან ან პოლიტიკოსები ან ქართული საზოგადოება.

ჩვენ ვნახეთ, რომ პირიქით ხდება, დღეს თბილისმა და მთელმა საქართველომ თავისი გაფიცვით, კიდევ ერთხელ აჩვენა ''ქართულ ოცნებას'', რომ ძალადობა მათი მხრიდან მიიღებს დიდ წინააღმდეგობას საზოგადოებიდან. ძალადობით ისინი ვერ შეძლებენ, შეინარჩუნონ ხელისუფლება, რომელიც მიტაცებული აქვთ, ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკური ლიდერი ესე უმოწყალოდ არის ნაცემი ''ქართული ოცნების'' ჯგუფის მიერ ეს იქნება შესაბამისად დაგმობილი და შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება ჩვენი საზოგადოების მხრიდან და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან'', - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.