სოლიდარობას ვუცხადებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მამაცი ნაბიჯი გადადგეს და გაიფიცნენ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
სამ-საათიან საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დღევანდელ პროტესტში მონაწილეობას იღებდნენ, სოლიდარობას უცხადებს.
სოლიდარობას ვუცხადებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მამაცი ნაბიჯი გადადგეს და გაიფიცნენ. მათი კანონიერი პროტესტი ახალი არჩევნებისადმი ასახავს ქართველი ხალხის ურყევ ნებას", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ყველაზე მასშტაბური გაფიცვა საქართველოს ისტორიაში. ასობით კომპანიის ათასობით თანამშრომელმა დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტა. ახალი არჩევნების დანიშვნის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა მხოლოდ ერთ აქციაზე არ ისმოდა. დღეს პროტესტის ხმა ერთდროულად ასობით უბანში და ასობთ ქუჩაზე ისმოდა.
ქუჩაში გამოვიდა ის მსხვილი ბიზნესი, რომლის გადახდილი გადასახადებით ქვეყნის ბიუჯეტი ივსება და ისინიც, ვინც ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო მფლობელი, დღეს გაფიცვას იმ კომპანიების თანამშრომლებიც შეუერთდნენ, ვის ხელმძღვანელებსაც წინასწარ არ უთქვამთ, რომ გაფიცულებს მხარს უჭერენ. ქუჩაში იდგნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის "ლიბერთი ბანკის" თანამშრომლებიც.