"არსებობს ვარაუდი, რომ ადმინისტრაციაზე ზეწოლა მიმდინარეობს" - გახარიას გუნდი "შერატონისგან" ვიდეოკადრების გადმოცემას ითხოვს
"გიორგი გახარიაზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, „ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას საზოგადოებაში"- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივნმა ბერდია სიჭინავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, რის ავანგარდშიცაა ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც სიჭინავას თქმით, წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული, დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
გახარიას პარტიაში ვარაუდობენ, რომ სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა.
როგორც ბერდია სიჭინავამ თქვა, სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდემტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით.
ექსპრემიერის გუნდი „შერატონისგან“ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას ოფიციალურად ითხოვს.
კოჭლ რეჟიმს და ამ დანაშაულში თანამონაწილე ლაჩრებს, იმის უნარი და გამბედაობაც არ აქვთ - აღიარონ, რომ ამ ორგანიზებული თავდასხმის უკან თვითონ დგანან, თუმცა დე-ფაქტო პრემიერისა და სხვა თანამდებობის პირების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ძალადობა ივანიშვილის დავალებით წინასწარ იყო ორგანიზებული და მათი მეშვეობით აღსრულებული, რასაც საგანგებოდ იღებდნენ.
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდემტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დე-ფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ.
ამიტომ, სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კანონს მიღმა მოქმედი რეჟიმი, რომელსაც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და კონსტიტუციური კურსის შეცვლის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, ცდილობს გადარჩენას.
რეჟიმის მარცხი იქნება გარდაუვალი! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!"- თქვა სიჭინავამ.