ივანიშვილისთვის სიურპრიზებს უნდა ველოდოთ - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები როჯერ ვიკერს შეხვდნენ

16.01.25 14:17
ივანიშვილისთვის სიურპრიზებს უნდა ველოდოთ - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები როჯერ ვიკერს შეხვდნენ

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობენ - ამჯერად მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ. 

სტრატეგიულ პარნტიორებთან დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის შემდეგ, მამუკა ხაზარაძე "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილის სიურპრიზებს უანონსებს. 

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენი მეგობარი სენატორები ბატონი როჯერის ხელმძღვანელობით საკმაოდ სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებენ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. იგულისხმება პროტესტი, რომლისაც უწყვეტი ფორმა აქვს მიღებული და ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში დგანან. უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ საკმაოდ საინტერესო სიურპრიზებს "ქართული ოცნებისთვის" და კერძოდ ბიძინა ივანიშვილისთვის. შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს!

ზეწოლა იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი პოზიცია ევროატლანტიკური მიმართულებით, ჩატარდეს ახალი და თავისუფალი არჩევნები, ამას მივაღწევთ ამერიკის მხრიდან ძალიან სერიოზული პრესინგით და ნაბიჯებით "ქართულ ოცნებაზე". ჩვენ ამას ვნახავთ უახლოეს ხანში. ეს ნაბიჯები გადაიდგმება ინაუგურაციის შემდეგ“ - განაცხადა ხაზარაძემ.

სენატორ როჯერ ვიკერსთან შეხვედრამდე, შტატებში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა აუდიენცია კონგრესმენებთან, დინა ტიტუსთან, ქეროლ მილერთან და რონალდ ესტესთან გამართეს. 

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, აშშ-ში მიმდინარე მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა არის ორპარტიული.

კონგრესის წევრ დინა ტიტუსთან შეხვედრის შემდეგ ძალიან კარგი განწყობით ვართ პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არის საგარეო კომიტეტის ძალიან გავლენიანი წევრი კონგრესში, რომელიც მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ემსახურება ქართველი ხალხის მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერას - ჯო უილსონის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა არის ორპარტიული, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ შემდგომი ნაბიჯებიც ასევე ორპარტიულად იქნება მხარდაჭერილი“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, კოალიციაცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ხვალ, 17 იანვარს NDI-სა და IRI-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან.