ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები გლდანის ციხეში იმყოფებიან - პოლიტიკოსები სინდისის პატიმრებს შეხვდებიან

16.01.25 15:10
ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები გლდანის ციხეში იმყოფებიან - პოლიტიკოსები სინდისის პატიმრებს შეხვდებიან

ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან - ევროპელი პოლიტიკოსები სინდისის პატიმრებს, ანდრო ჭიჭინაძესა და ზვიად ცეცხლაძეს შეხვდებიან. 

თითოეულ უკანონო დაკავებულთან შეხვედრა ნახევარი საათი გაგრძელდება, სადაც საუბარი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მათთვის ხელბორკილების დადებას, სასამართლო პროცესებსა და გისოსებს მიღმა მათ ცხოვრებას შეეხება. 

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს მტკიცებულებებით დაარწმუნებენ, რომ მსახიობის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო თავად ანდრო ჭიჭინაძე პოლიტპატიმარი. 

  • ასევე აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭო ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ანგარიშს მოამზადებს, სადაც მაღალი ალბათობით, ანდრო ჭიჭინაძის საქმეც მოხვდება. 

დღეს გავუზიარებთ ინფორმაციას იურიდიულ ნაწილს, ასევე თავად მსახიობი ისაუბრებს საკუთარ შეფასებებზე და იმ აქციაზე, რომელზეც ის იღებდა მონაწილეობას, რატომ იყო ეს აქცია, რა მიზანს ემსახურებოდა. ჩვენ გავუზიარებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირ ძალადობას, მითუმეტეს ორგანიზებულ ძალადობას სახე არ ჰქონია. ანდრო ჭიჭინაძის აქ ყოფნა არის ნათელი მაგალითი სამაგალითო დასჯის, არცერთი მტკიცებულება საქმეში არ არის და მაინც უკანონოდ ჰყავთ დაკავებული, ის ფორმა, რომლიდანაც საერთოდ ამოვარდნილი იყო სასამართლო, ეს იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქეისი მოხვდება ამ ანგარიშში. ჩემი შეფასებით, არსებობს საფუძველი, რომ ეს საქმე ევროპელმა მეგობრებმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ აღიარონ და ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკურ პატიმრად", - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკითხს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილავენ - PACE პლატფორმა X-ზე წერს, რომ სესია 27-31 იანვარს არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს დელეგაცია დღეს, 16 იანვარს ქართულ ოპოციას შეხვდა. გაყალბებული არჩევნები და ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელზეც მხარეებმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.