"ივანიშვილისა და კობახიძის დასანქცირება, "ოცნების" ხელისუფლების არაღიარება" - ევროპარლამენტარების მოთხოვნა ცნობილია
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - წამყვანი პოლიტიკოსები პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და "ქართული ოცნების" ორკესტრირებულ ძალადობაზე შოკირებულები არიან.
განცხადების ხელმომწერები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მოთხოვნათა ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესებაც შედის.
"ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დააწესოს პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებლები" - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ევროპარლამენტარები "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას კრძალავენ და საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მუშაობის შეწყვეტას ითხოვენ.
საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას. ჩვენ ვართ შოკირებულები იმ ინფორმაციით, რომ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე იძალადეს და შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმ მზარდი ძალადობისა, რომელსაც "ქართული ოცნება" ორკესტრირებულად ახორციელებს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ.
ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანი დემონსტრანტების გვერდით, რომლებიც 50 დღეა საღამოს ქუჩაში დგანან ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის გამო. ბევრი წლის მანძილზე, საქართველო იყო ჩემპიონი ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. ხალხის არჩევანი ახლაც არ შეცვლილა. რაც ახლა შეიცვალა არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხის მომავალი უარყო და აღარც კი მოაქვთ თავი, რომ მათ საქართველოსთვის ევროპული დემოკრატია სურთ.
საქართველოში გაუარესებული სიტუაცია არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე. ჩვენი პოზიციაა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის სურვილს წარმოაჩენს. ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რადგან ის გაყალბდა და არ სცემს პატივს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დააწესოს პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებლები, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილზე და ირაკლი კობახიძეზე.
ჩვენ მოვუწოდებთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს და შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ თვითდანიშნული "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებისგან და ამ მხრივ მოვუწოდებთ, შეაჩერონ ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მუშაობა საქართველოსთან. ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელიც დაგეგმილი იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. ასევე საჭიროა საერთაშორისო დაკვირვება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას." - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები:
- დევიდ მაკალისტერი
- სერგეი ლაგოდინსკი
- ნილს უშაკოვსი
- რასა იუკნევიჩიენე
- ანტონიო ლოპეს-ისტურიზ ვაიტი