"ერთ მხარეს არიან თანამედროვე ცეხავიკები, რომლებიც ჩვენ ხარჯზე ფულს აკეთებენ, ხოლო მეორე მხარეს დგას თავისუფალი ბიზნესი" - ბუაძე

17.01.25 12:39
"ერთ მხარეს არიან თანამედროვე ცეხავიკები, რომლებიც ჩვენ ხარჯზე ფულს აკეთებენ, ხოლო მეორე მხარეს დგას თავისუფალი ბიზნესი" - ბუაძე

"ერთ მხარეს არიან თანამედროვე ცეხავიკები, რომლებიც ჩვენ ხარჯზე ფულს აკეთებენ, ხოლო მეორე მხარეს დგას თავისუფალი ბიზნესი, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად იბრძვის" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეს დაგეგმილ ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც დაპატიჟებულები როგორც ევროპული მომავლის მცველების მხარდამჭერი ბიზნესმენები, ასევე "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიები არიან. 

ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არიან თანამედროვე ცეხავიკები, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან შეზრდილები და ხელისუფლებასთან სიახლოვით, ჩვენ ხარჯზე აკეთებენ ფულს და მეორე მხარეს არის ნამდვილი ბიზნესი, რომელიც ამ ქვეყანაში ქმნის ღირებულებას, პროგრესს, დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ამიტომაც მკაფიო არის არჩევანი, რომელიც ამ ორ მხარეს შორის არის. ცეხავიკები არიან ხელისუფლებასთან ერთად, თავისუფალი ბიზნესი კი ამ დღეების განმავლობაში ქართველ ხალხთან ერთად იბრძვის", - ამბობს საბა ბუაძე. 

ბიზნესის უპრეცედენტო ერთობა - რამდენიმე საათში ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ერთი მაგიდის გარშემო დასხდებიან.

დახურულ კარს მიღმა აუდიენციას დაესწრებიან ის ბიზნესმენები, რომლებიც სახალხო მოთხოვნებს უერთდებიან და ივანიშვილის რეჟიმისგან როგორც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ასევე სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

  • "პირველების" ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე ის ბიზნესმენებიც მიიწვიეს, რომლებიც თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის მოთხოვნებს მხარს არ უჭერს. 

საგანგებო შეხვედრის მიზანი ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენაა. სწორედ დღეს ქართველი ბიზნესმენები იმ გამოსავალზე იმსჯელებენ, რომლითაც ეკონომიკა ჩამოქცევას უნდა გადაარჩინონ და ექსპორტი, იმპორტი, ტურიზმი საფრთხეს აარიდონ.