"ოცნებისთვის" 20 იანვრის შემდეგ არანაირი სასიკეთო ცვლილება არ იქნება - "ძლიერი საქართველოს" ლიდერების შეხვედრა სახ.დეპში

17.01.25 14:02
"ოცნებისთვის" 20 იანვრის შემდეგ არანაირი სასიკეთო ცვლილება არ იქნება - "ძლიერი საქართველოს" ლიდერების შეხვედრა სახ.დეპში

ვაშინგტონში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ოფიციალური შეხვედრები დასრულდა - გაერთიანების ლიდერებმა ბოლო აუდიენცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გამართეს. 

საგანგებო მისიით ვაშინგტონში ჩასულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა ამერიკელ კოლეგებს ადამიანის უფლებების დარღვევისა და ევროპული მომავლის მცველების წინააღმდეგ ამოქმედებული სადამსჯელო ღონისძიებების შესახებ უამბეს. 

დახურულ კარს მიღმა დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" პროპაგანდა, რომ თითქოს, 20 იანვრის შემდეგ ივანიშვილის გუნდი შტატებთან ურთიერთობას დაალაგებდა, წყალში ჩაეყარა. 

"არანაირი სასიკეთო ცვლილება არ იქნება ავტოკრატიული რეჟიმებისთვის" - აღნიშნა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც ვაშინგტონიდან ასევე იტყობინება, რომ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება. 

ცხადია, რომ ჩვენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება. ეს მხარდაჭერა იქნება თანმიმდევრული, უწყვეტი მანამ, სანამ ქართველი ხალხი არ მიაღწევს ახალი არჩევნების ჩანიშვნას და სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. რაც არ უნდა პროპაგანდამ იმუშაოს "ქართული ოცნების", რომ ვითომ, 20 იანვრის შემდეგ მათთვის სასიკეთო ცვლილებები იქნება, არანაირი სასიკეთო ცვლილება არ იქნება ავტოკრატიული, ავტორიტარული რეჟიმებისთვის, როგორსაც წარმოადგენს "ქართული ოცნება". 

გაგრძელდება ზეწოლა უფრო მეტი ძალით იმისთვის, რომ დემოკრატიული ცვლილებები ქვეყანაში მოხდეს. დანარჩენი არის "ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომელიც დამარცხდება იმ ნაბიჯებით, რომელიც გადადგმული იქნება ახალი ადმინისტრაციის მიერ. 20 იანვრის შემდეგ, შტატებს ეყოლება ახალი ადმინისტრაცია, რომელიც სწრაფად გადადგამს ნაბიჯებს. ტყუილად აქვს ივანიშვილს იმედი, რომ საქართველოსთვის ვერ მოიცლიან. საქართველო დარჩება პრიორიტეტების სიაში. ქართველი ხალხის დახმარება იქნება პრიორიტეტი ადმინისტრაციისთვის და ავტორიტარული რეჟიმები იგრძნობენ იმ სუსხს, რომელიც მათ ექნებათ სწორედ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

ამასთან, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრამდე IRI-ის ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც თან ჰქონდათ ოთხი პოლიტიკური გაერთიანების მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელმაც ქვეყანას კრიზისი უნდა დააძლევინოს.