"ოცნება", რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე არავინ დაპატიჟა, ახალ პროპაგანდას ავითარებს

17.01.25 15:28
"ოცნება", რომელიც ტრამპის ინაუგურაციაზე არავინ დაპატიჟა, ახალ პროპაგანდას ავითარებს

"ქართული ოცნება", რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არავინ დაპატიჟა, ახალ პროპაგანდას ავითარებს - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთები იყიდება.

"ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს ბილეთები. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 ათასიდან" - ირწმუნება კახა კალაძე კამერების წინ და კვლავ "ქართული ოცნების" ნარატივს აგრძელებს იმის შესახებ, რომ 20 იანვრის შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობები დალაგდება. 

ამერიკას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, რომელიც 20 იანვრის შემდეგ ოფიციალურად შეუდგება თავის საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ დალაგდება ყველა მიმართულებით. ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს ბილეთები. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 ათასიდან და ადის 2 მილიონამდე. ტრამპთან შეხვედრები და ურთიერთობები იქნება მას შემდეგ, რაც თავის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება", - ამბობს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება. ცერემონიას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრება, რომელმაც მოწვევა პირადად ჯო უილსონისგან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისგან მიიღო. ცერემონიაზე დასასწრებად მოწვევა "ქართული ოცნების" არცერთ წევრს არ მიუღია.