"მზია ამაღლობელის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი" - სააკაშვილი

17.01.25 15:47
"მზია ამაღლობელის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი" - სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს - დღევანდელ სხდომაზე სიტყვით საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც მიმართა.

"ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სიტყვა მზია ამაღლობელისთვის და პოლიტპატიმრებისთვის სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო. 

"ამ ქალბატონის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი" - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. 

მე მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო მზია ამაღლობელს, განსაკუთრებულ ადამიანს. მზია ამაღლობელი ბოლოს დაიჭირა ასლან აბაშიძემ, ვინაიდან სიმართლის მატარებელი იყო ყოველთვის, საოცარი მედიები შექმნა „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. მინდა გითხრათ, რომ ამ ქალბატონის გამბედაობა არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, ისევე, როგორც გამბედაობა პოლიტპატიმრების. მე მინდა, თუ ისინი მიყურებენ ვუთხრა, რომ აღფრთოვანებული ვარ მათი იდეურობით, მათი იდეალიზმით. მე ვგმობ ყველანაირ პოლიტიკურ ძალადობას, მათ შორის, გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმას", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.