დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა

18.01.25 10:21
დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ჩასული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით, წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფება. 

ინფორმაციას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოებს აზიარებს. 

მასალიდან ირკვევა, რომ წვეულებაზე ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი იმყოფებოდა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის შვილს თავად გააცნო. 

მანამდე კი, სალომე ზურაბიშვილი ამერიკის "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ევრაზიის მიმართულების დირექტორს სტივენ ნიქსს შეხვდა. აუდიენცია IRI-ის ოფისში შედგა. 

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება. ცერემონიას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრება, რომელმაც მოწვევა პირადად ჯო უილსონისგან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისგან მიიღო. ცერემონიაზე დასასწრებად მოწვევა "ქართული ოცნების" არცერთ წევრს არ მიუღია.