"სანქცირებულ "ოცნებას" პრეტენზია ვერ ექნება, რომ ჩვენი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი იყოს" - ექსკლუზიური ინტერვიუ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ჩასული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი "პირველებს" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კონგრესმენი ჯო უილსონის მოწვევით დაესწრება, მოხარულია, რომ ცერემონიაზე საქართველოს წარმოადგენს.
ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი "პირველებთან" მწვავე გზავნილებსაც აჟღერებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებმა დემარში გამოუცხადეს და რომელსაც სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი მიკერძოებული აქვს, არ შეიძლება, რომ ლეგიტიმაციაზე პრეტენზიას გამოთქვამდეს.
ალბათ, გავიყინებით, შესაძლოა (ინაუგურაცია) შიგნით ჩატარდეს, დეტალები არ ვიცით, როგორ იქნება. ეს უფრო სიმბოლური არის და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩემი სახით საქართველო არის წარმოდგენილი ამ ინაუგურაციაზე. არ შეიძლება, რომ რეჟიმი იყოს დასანქცირებული, როგორც არის უკვე მისი მთავარი წარმომადგენლები, არ შეიძლება, რომ იყოს ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიკერძოებული და ერთი ადამიანის ხელში და ამ დროს ვინმე საუბრობდეს ლეგიტიმაციაზე. ეს მხოლოდ უკვე არჩევნების საკითხიც აღარ არის, ეს არის ის საკითხი, რომელიც ეხება რეჟიმს, რომელიც გამოვიდა კონსტიტუციიდან, რომელსაც აღარ აქვს არცერთი ნიშანი დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის და ამდენად მას არ აქვს და ვერ ექნება ვერცერთი პრეტენზია, რომ იყოს ლეგიტიმური წარმომადგენელი ჩვენი ხალხის. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი აქ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება. ცერემონიას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრება, რომელმაც მოწვევა პირადად ჯო უილსონისგან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისგან მიიღო. ცერემონიაზე დასასწრებად მოწვევა "ქართული ოცნების" არცერთ წევრს არ მიუღია.