"ძალადობის მკვებავი ხელისუფლებაა" - საბა ბუაძის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე პირველ კომენტარს აკეთებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" აცხადებს, რომ იმ ადამიანების ვინაობის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, რომლებმაც საბურთალოზე მდებარე გაერთიანების ოფისთან ანგარიშსწორება მოაწყვეს და ადგილზე მყოფ კოალიციის ერთ-ერთ წევრს ქვა ესროლეს.
"ტვ პირველის" კორესპონდენტი იტყობინება, რომ "ძლიერი საქართველოს" შტაბთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, რომელთაც თვითმხილველი საბა ბუაძე ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.
არ ვიცი ვინ იყვნენ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. ფაქტი არის ერთი, ეს ადამიანები შემთხვევით იყვნენ იქ თუ რა მოტივაცია ჰქონდათ, ესეც არ მაინტერესებს. ამ ყველაფრის მკვებავი არის ხელისუფლება, რომელიც თავისის სიტყვითა და საქმითაც მწვანე შუქს აძლევს. ხელისუფლება არის ამ ყველაფერზე მწვანე შუქის მიმცემი მისივე მხარდამჭერებისთვის და ამ ჭაობში მყოფი სისტემის წარმომადგენლებისთვის, რომ იძალადეთ, შეაგინეთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, შეუქმენით მაქსიმალური დისკომფორტი. ეს არ გამოვა ამ ქვეყანაში, ამ ყველაფერს გაეცემა შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. ის, რომ პოლიცია დღეს არის შეზრდილი ამ ხელისუფლებასთან და კრიმინალთან, არაფერს არ ნიშნავს.
მოვა დრო და ამ ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და ამ სამარცხვინო ქმედებასაც დაერქმევა თავისი სახელი. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს პოლიციასთან დაკავშირებით. მე და ჩემი მეგობარი საბურთალოს შტაბის ხელმძღვანელი მივდიოდით, საბურთალოს შტაბში დავასრულეთ შეხვედრა, მანქანისკენ მივდიოთ, რა დროსაც ეს ორი ადამიანი გამოვიდა და ''შემოგვხვდა'' გინებითა და ჩემი სახელის ხსენებით. რასაც მოჰყვა ის ძალადობრივი გაგრძელება, რომელიც საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა. ვიდეოში არის აღბეჭდილი, რომ დანა იყო, ქვასაც ისროდნენ. მე არ მინახავს პოლიცია და არც არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ პოლიცია მოვა. თუ პოლიცია მოვა, მოვა ჩემი და ჩემი მეგობრების დასაკავებლად, ეს შეიძლება იყოს მათი ერთადერთი მოტივაცია, იმ აბსურდულ ქვეყანაში, სადაც მზია ამაღლობელი არის დაკავებული, ანდრო ჭიჭინაძე არის დაკავებული, უამრავი ადამიანი, ონისე ცხადაძე. ეს სამარცხვინო ინციდენტი, ნამდვილად არანაირი მოსატანი არ არის, ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ ის ვინც არის დაჭერილი, გამოვიდეს მალე და გავაგრძელოთ მათთან ერთად ბრძოლა ამ ქვეყნისთვის'', - ამბობს საბა ბუაძე.
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შტაბთან პროვოკატორები მიაგზავნეს. როგორც პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს უცნობი პირები დახვდნენ, რომლებიც დანითა და ქვებით იყვნენ აღჭურვილები.
ვიდეოკადრებში, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს, რომ ერთ-ერთი პროვოკატორი ადგილზე მყოფ მეორე პირს თავს ესხმის და ქვას ესვრის.
"ბუაძე, დედას მოგ****ავ" - ისმის ვიდეოში.