ცრუ მოწმე პოლიციელები - დადგენილია მათი ვინაობა, ვინც გამოგონილი ჩვენებით ადამიანებს ციხეში უშვებს

18.01.25 21:58
ცრუ მოწმე პოლიციელები - დადგენილია მათი ვინაობა, ვინც გამოგონილი ჩვენებით ადამიანებს ციხეში უშვებს

რეჟიმის მსახური მოსამართლეები, ციხეში უშვებენ იმ მოქალაქეს, ვინც ქუჩაში თითქმის ორ თვეა, აქციებზე დგას.  წამების მსხვერპლ ხალხს, იქით დამნაშავეებად აცხადებენ, მოსამართლეებისთვის კი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებაა საკმარისი, სხვისი ნათქვამი უბრალოდ არ ესმით. 

დაზარალებულები ერთი და იგივე ისტორიას ყვებაინ, რომ პოლიციელები ვისაც რეჟიმის სასამართლო პროცესზე მათ დამკავებლად ასაღებდა, რეალურად დაკავების პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდნენ. 

  • "შაბათის ეთერმა" სასამართლოს დერეფანში თბილისის მეშვიდე სამმართველოს უფროსი დეტექტივი,  ზაალ გოგიჩაიშვილი ჩაწერა. ის აქციაზე დაკავებული ბიზნესმენის ავთანდილ კუჭავას საქმეში  ოქროს მოწმეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გოგიჩაიშვილი მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ 30 ნოემბრის ღამეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი სპეცრაზმელებმა მისი მითითებით მას შემდეგ  დააკავეს, რაც კანონიერ მოთხოვნას ტერიტორიის დატოვების შესახებ არ დაემორჩილა. პოლიციელი იტყუება, რადგან ავთანდილ კუჭავა პარლამენტთან არ დაუკავებიათ, ის ოპერასთან გაიტაცეს სპეცრაზმელებმა და ისე სასტიკად სცემეს, რომ მძიმე ტვინის შერყევით და წინა მხრის მოტეხილობით საავადმყოფოში მოხვდა. 
  • ხარებას რაზმმა, დავით გოდერძიშვილი  30 ნოემბრის ღამეს შევჩენკოს ქუჩის კუთხეში მაშინ დააკავა, როდესაც რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან  მეუღლესთან ერთად სახლში ბრუნდებოდა.  ოლიგარქის ომონმა ბიზნესმენი მთელი ქუჩა ცემა-ცემით გაატარა. 
  • კადრებში, რომელიც დავით გოდერძიშვილის დაკავების პროცესს ასახავს, კარგად ჩანს, რომ ის  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს, თუმცა  მისი დაკავება საკუთარ თავზე, საპატრულო პოლიციის თბილისის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა ზვიად მარგველანს ააღებინეს.  თბილისის საქალაქო სასამართლოში გომელაურის გაგზავნილმა პოლიციელმა, რომელიც არც დაკავების ადგილას და არც მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილა, თქვა, რომ ნახა, როგორ აგინებდა გოდერძიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ისროდა მაშხალებს, ქვებს და პარალელურად ხელში ეკავა ფქვილი, რომელსაც პოლიციელებს აყრიდა.  ზვიად მარგველანი, რომლის ჩვენების საფუძველზეც მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დავით გოდერძიშვილი სამართალდამრღვევად ცნო, პოლიციის მთავარი სამმართველოს ტურისტული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოს პატრულ ინსპექტორია.  

ამასთან, "შაბათის ეთერი" ასაჯაროებს ბესიკის ქუჩის კუთხეში გადაღებულ კადრებს. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, როგორ დააკავეს ავთო ტიტვინიძე შავნიღბიანმა პირებმა.  ტიტვინიძე სასტიკად სცემეს.  წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი 48 საათი ექიმის დახმარებას უშედეგოდ ითხოვდა.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ სასამართლო სხდომაზე გონება დაკარგა.  

  • ტიტვინიძის დაკავება საკუთარ თავზე დეტექტივმა ვახტანგ ქვლივიძემ აიღო. ქვლივიძე და მისი მეწყვილე ანტონ ძიძიკაშვილი ამტკიცებდნენ, რომ  ავთანდილ ტიტვინიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 30 ნოემბრის დილით მათ დააკავეს.   თუმცა პოლიციელებს  არ ახსოვდათ სად იყვნენ და რა ეცვა დაკავებულს.
  • ოფიცრები თორნიკე მენაბდე და გიორგი ჩარექაშვილიც - რეჟიმმა ცრუ მოწმეებად აქცია, მათი გვარები სასტიკად ნაცემი დავით გოგილაშვილის საქმეში ფიგურირებს;
  • სულხან კიკნაძე და რევაზ წურწუმია - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პირველი სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრებიც, ცრუ მოწმე პოლიციელები არიან ბეატრის კლიმენკოს საქმეში;
  • ზვიად მარგველანი - პატრულ ინსპექტორი, ცრუ მოწმე პოლიციელი დავით გოდერძიშვილის საქმეში 
  • ზურაბ ღარიბაშვილი და დავით მარუაშვილი -ცრუ მოწმე პოლიციელები შოთა ნარსისას საქმეში;
  • ოთარ გელაშვილი - თემურ ბეჟანიძის საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი;

თორნიკე მენაბდე, ძველი თბილისის მეშვიდე სამმართველოს მართლწესრიგის უფროსი ოფიცერია. ის სასტიკად ნაცემ დავით გოგილაშვილის საქმეში ფიგურირებს.  პოლიციელს რეჟიმმა ხალხის დევნა საკუთარ თავზე ააღებინა, ის ჩვენებაში ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე ხარებას დაჯგუფებას მოქალაქის დაკავების მითითება მან მისცა. 

სულხან კიკნაძე და რევაზ წურწუმია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პირველი სამმართველოს მართლწესრიგის ოფიცრები არიან.  ცრუ მოწმე პოლიციელები , ბეატრის კლიმენკოს საქმეში. ორივე ერთმანეთის მიყოლებით მოსამართლეს უმტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი მათ დააკავეს.  არადა სულ სხვა რეალობაა ასახული კადრებში, რომელიც კლიმენკოს დაკავებას ასახვას.  ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, როგორ დააკავა სპეცრაზმის წინ მდგომი  ქალი  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა.  

ცრუ მოწმე პოლიციელები - მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი