ექსკლუზივი: როგორ გააყალბეს რეზო კიკნაძის საქმე - ვინ არიან პოლიცაები, ვინც 26 წლის ბიჭს ლისის ტბაზე ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა?

18.01.25 20:59
ექსკლუზივი: როგორ გააყალბეს რეზო კიკნაძის საქმე -  ვინ არიან პოლიცაები, ვინც 26 წლის ბიჭს ლისის ტბაზე ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა?

როგორ გააყალბეს სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის საქმე - საუბარია 26 წლის ბიჭზე, რომელსაც პოლიცია ლისზე გაუპატიურებით და ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა. 

მტკიცებულებებით დასტურდება, რომ  რეზო კიკნაძის საქმეში დაკავების ადგილი გააყალბეს.  

"შაბათის ეთერმა" რეზონანსული საქმის პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი ჩაწერა, რომელსაც ადვოკატები და თავად სინდისი პატიმარი საქმის გაყალბებაში ამხელენ. 

  • რევაზ კიკნაძის დაკავების  სადავო და გაყალბებული განჩინება, რომელსაც პროკურორი  ვერ ან არ იხსენებს  "შაბათი ეთერის" ხელშია - ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ  პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა  მინიმუმ სამსახურებრივი სიყალბე ჩაიდინა, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს რევაზ  კიკნაძის დაპატიმრების  მოთხოვნით  6 დეკემბერს, 10 საათსა და 17 წუთზე  მიმართა - ამ დროს კი ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, სტუდენტი პოლიციას უკვე უკანონოდ დაკავებული ჰყავდა  და ლისზე სავარაუდოდ აწამებდა. 

სად დააკავეს მომიტინგე კიკნაძე? 

ფაილების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ 26 წლის სტუდენტის გასანეიტრალებლად საქმის შეკერვაში მთელი სისტემა მონაწილეობდა:

  • ყველაფერი 2024 წლის  5 დეკემბერს დაიწყო: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ე.წ. ოპერმა გიორგი ჩხაიძემ მის უფროსს ზურაბ ქუმელაშვილს პატაკით მიმართა. ოპერატიულ ცნობაში ჩხაიძე წერდა, რომ  29 ნოემბერს, რევაზ კიკნაძემ სხვა პირებთან ერთად  მძიმე დანაშაული ჩაიდინა, თუმცა კონკრეტულად რა დააზიანა და ჯგუფურად ვისზე იძალადა კიკნაძემ, ცნობაში არაფერი წერია.

ეს ოპერატიული პატაკი ადვოკატების ვერსიით გამოგონილია. მაღალი ალბათობით პოლიციელი ჩხაიძე აქციაზე არც თავად ყოფილა და კიკნაძის  ქმედებაზე  არც ოპერატიული  ინფორმაცია მიუღია.

პოლიციელი გიორგი ჩხაიძე "შაბათის ეთერის" კითხვებს გაექცა.

დაკავების ადგილი და დრო რომ გაყალბებულია და ლისზე რევაზ კიკნაძე პოლიციამ ზეწოლის გამო გაიტაცა - ეს ფაქტი მოგვიანებით ადვოკატებს თბილისის მეტროს თანამშრომელმაც დაუდასტურეს. 

კიკნაძის დაკავების ადგილი რომ ნამდვილად "მეტროსადგური უნივერსიტეტი" იყო, ამ გარემოებას „შაბათის ეთერთან“  საქმის კიდევ ერთი მოწმე,  იოსებ ბაბაევიც ადასტურებს.

ვინ არიან პოლიცაები, ვინც სამოქალაქო აქტივისტი ჯერ უკანონოდ დააკავა, შემდეგ ლისის ტბაზე აიყვანა და ბრალდებულის მტკიცებით ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდა?

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ დაკავების ოქმზე სამი პოლიციელის ხელმოწერაა: 

დოკუმენტით დგინდება რომ სავარაუდო გამყალბებელი პოლიციელები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები - გიორგი ქაჩლიშივლი, ნიკა ბუკია და ბაჩუკი ოშხარელი არიან.

 მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი