“საქართველო ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში“ - ჯონ ჰერბსტი

19.01.25 15:46
“საქართველო ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში“ - ჯონ ჰერბსტი

ტრამპის ინაუგურაციაზე “ოცნების“ არ მიწვევა იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა დისკრედიტებულია, - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში "ატლანტიკური საბჭოს" წევრმა, ჯონ ჰერბსტიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 

გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდესმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც, - ამბობს ჰერბეტსი.

მისივე თქმით, “საქართველო, არ ვიტყოდი, სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში.“

ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი ორი, სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო, არ ვიტყოდი, სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში,- აცხადებს დიპლომატი.