ჩვენებაში პოლიციის უფროსი დგებუაძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის სილამ ფიზიკური ტკივილი განაცდევინა
ბათუმის პოლიციის უფროსი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სილამ ფიზიკური ტკივილი განაცდევინა - დეტალები ირაკლი დგებუაძის ჩვენებიდან მედიას საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ გააცნო.
ქურდოვანიძის თქმით, თავად დგებუაძეს ჩვენებაში უწერია, რომ "დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყასა და ყურში აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი". უფლებადამცველი პირდაპირ ამბობს რომ, ე.წ დაზარალებულის მიერ ეპიზოდი აღწერა, არ იძლევა წარდგენილი მუხლის შემადგენლობას.
საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელისთვის 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას გამოძიებისთვის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს. როგორც ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, დგებუაძე ჰყვება, რომ დარტყმის შედეგად მას ჰქონდა „სიწითლე და განიცადა ტკივილი“ – ქურდოვანიძის განცხადებით, მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ტკივილი თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება.
„თავად ის მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელს ედავება პროკურატურა, არ არის ის მუხლი, რომლითაც ის ქმედება შეიძლება დაისაჯოს, რისთვისაც ახლა მას სჯიან. ეს მუხლი, 353-ე პრიმა მუხლი თავის თავში აერთიანებს რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომელიც სახეზე უნდა იყოს ერთობლივად, ეს არის:
- თავდასხმა, როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი და აგრესიული აქტი;
- თავდასხმის განხორციელება უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით;
- თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან.
ამ საქმეში გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძეს სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს.
თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად, მარჯვენა ლოყაზე და მარცხენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება და შესაბამისად, როგორც ე.წ. დაზარალებულმა ეს ეპიზოდი აღწერა, არ იძლევა 353-ე პრიმა მუხლის შემადგენლობას და თავიდანვე ამ მუხლით ამ ქმედების კვალიფიცირება წარმოადგენდა უკანონობას და ეს არის პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი მახასიათებელი”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
ამასთან, როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს.
საიაში ამბობენ, რომ პროკურატურამ მზია ამაღლობელის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს