ივანიშვილის სუსხიანი ზამთარი - Julius Baer-მა ოლიგარქს და მისი ოჯახის წევრებს ანგარიშები გაუყინა
ივანიშვილის რეჟიმის ვიცე-პრემიერმა დღეს დაადასტურა, რომ ოლიგარქმა სანქციების შედეგი უკვე იგრძნო. Credit Suisse-ის შემდეგ, ივანიშვილი უკვე მეორე შვეიცარიულ ბანკს უჩივის. Julius Baer-მა ამერიკული სანქციების გამო ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს ანგარიშები გაუყინა.
ივანიშვილებს არამხოლოდ ბანკში შენახული ფული დაუბლოკეს, არამედ გაუყინეს ის თანხებიც, რომელიც ე.წ. ჰეჯ ფონდებიდან უნდა მიეღო. ამ ფონდებში სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებიდან ან საინვესტიციო პროექტებიდან მიღებული მოგება გროვდება.
ბიძინა ივანიშვილი ახლა შვეიცარიული Julius Baer-ის წინააღმდეგ იწყებს დავას. ოლიგარქის მიზანია, როგორმე აქტივები გადაარჩინოს, თუმცა ფინანსისტები აფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დროის ფუჭად კარგვაა. შტატების მიერ დაწესებული სანქციები მუშაობს და ივანიშვილი სულ უფრო მძიმედ იგრძნობს შედეგს.
ოლიგარქის მთავარი მიზანი ახლა მისი მილიარდების გადარჩენაა. ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ წინ კიდევ უფრო მძიმე სანქციები ელოდება, რომელიც არამხოლოდ პირადად, არამედ მის კომპანიებს და გარემოცვასაც შეეხება. ამიტომ დაიწყო ოფშორებიდან გაქცევის სპეცოპერაცია.
31 დეკემბრის ღამეს ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანა სასწრაფო წესით დაიწყო. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან და პანამიდან ერთდროულად გადმოფორმდა აქტივები. ივანიშვილმა პანამაში ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენალიდან მისი სააქციო საზოგადოების სახელზე საქართველოში გადმოიტანა როსტომ მეფის სასახლე, სასტუმრო ერეკლე მეორის ქუჩაზე, ქონება აბასთუმანში, მისი პირადი რეზიდენცია და მიწის ნაკვეთები სოლოლაკის რეზიდენციის გარშემო.
ქონება პანამიდან საქართველოში ოლიგარქს, სავარაუდოდ, ე.წ. ოფშორების კანონის გამოყენებით გადმოაქვს. ეს ნიშნავს, რომ მილიარდების აქტივებს ქვეყანაში შემოიტანს, მაგრამ ამისთვის არცერთ თეთრ გადასახადს არ გადაიხდის. ოლიგარქს ჰგონია, რომ მისი ქონება დაცული მხოლოდ საქართველოში იქნება. იქ, სადაც ყველა ინსტიტუტი მიტაცებული აქვს, თუმცა არ აინტერესებს, რამხელა რისკის ქვეშ აყენებს ამით მთლიანად ქვეყანას.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.