პრეზიდენტი ზურაბიშვილი: "მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო - ის მოუწოდებს ყველას, არ დანებდნენ"

20.01.25 18:44
პრეზიდენტი ზურაბიშვილი: "მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო - ის მოუწოდებს ყველას, არ დანებდნენ"

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის დაწყების ფაქტს პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

"(მზია) ის მოუწოდებს ყველას, არ დანებდნენ" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ქალმა ჟურნალისტმა და "ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა დაიწყო. ის მოუწოდებს ყველას, არ დანებდნენ", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

"ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს - როგორც უფლებადამცველების დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ჟურნალისტს დაკავების შემდეგ, 1 კვირაა საკვები არ მიუღია. 

„საიას“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ ფორმით ის გამოხატავს პროტესტს იმ საქმის მიმართ, რომელსაც ყველა აბსურდად აფასებს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.