"ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია" - ფრიდი
ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის წერილს აზიარებს.
დენიელ ფრიდი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ტირანიისადმი ქართველების წინააღმდეგობა შთამბეჭდავია.
ქართველების წინააღმდეგობა ტირანიისადმი შთამბეჭდავია და, თუ ისტორიით ვიმსჯელებთ, ის შთააგონებს ქართველებს ხანგრძლივი ბრძოლისთვის მათი და ჩვენი თავისუფლებისთვის" - წერს დენიელ ფრიდი.
"ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ამაღლობელი წერილში წერს, მის მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. “იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ“- წერს ამაღლობელი.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.