"მალე, ტრამპი პრეზიდენტი გახდება და ახალი სანქციები წამოვა, ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ" - უილსონი

20.01.25 19:48
"მალე, ტრამპი პრეზიდენტი გახდება და ახალი სანქციები წამოვა, ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ" - უილსონი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ივანიშვილის რეჟიმს ახალ სანქციებს უანონსებს - ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ სანქციების ხელახალი ტრანში დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში გამოცხადდება. 

"ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ" - ხაზს უსვამს ამერიკელი კონგრესმენი. 

აღფრთოვანებული ვარ მზია ამაღლობელის სიმამაცით ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე. ქართველი ხალხის დაშინება შეუძლებელია. მალე, დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება და ახალი სანქციები წამოვა. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ". - წერს ჯო უილსონი. 

"ბათუმელებისა" და ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს - როგორც უფლებადამცველების დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ჟურნალისტს დაკავების შემდეგ, 1 კვირაა საკვები არ მიუღია. 

„საიას“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამ ფორმით ის გამოხატავს პროტესტს იმ საქმის მიმართ, რომელსაც ყველა აბსურდად აფასებს.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.