"ტრამპმა "ოცნებას" უთხრა, რომ ძალიან ცუდი დღეები ელის" - ვაშაძე
ამ წუთებში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ვაშინგტონში, კაპიტალ არენაზე იმყოფება და მხარდამჭერების წინაშე დონალდ ტრამპის მიმართვას ელოდება.
ამერიკელი კონგრესმენის მიწვევით ამერიკაში ჩასულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შტატების 47-ე პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვა არენაზე მოისმინა და "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ტრამპმა "ქართულ ოცნებას" მძიმე დღეები დაუანონსა.
გიორგი ვაშაძე ახალი ადმინისტრაციის პირობებში მოელის, რომ ივანიშვილის რეჟიმსა და მის მსახურებზე სანქციების დაწესება გაგრძელდება და ამას ბევრად უფრო ინტენსიური ხასიათი ექნება.
ძალიან მკაფიო და მკაცრი იქნება თავის მტრებთან მიმართებით. ''ოცნებას'' უთხრა, რომ ძალიან ცუდი დღეები ელის იმიტომ, რომ ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მეგობრებს მომავალი პერსპექტივა ტრამპის პირობებში არ აქვს. ეს არის ძალიან ცალსახა. შემდეგი არის ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკა დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს ყველა რეგიონში. ის, რომ დღეს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია ივანიშვილის და ''ქართული ოცნების'' გამო, ეს კიდევ ერთი დიდი თავის ტკივილია, რაც ''ქართულ ოცნებას'' აქვს.
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ძალიან სწრაფად შეგვიძლია სტრატეგიული პარტნიორობა მოვახერხოთ სახელმწიფოსთან, რომელიც ფიქრობს, რომ ბევრი რამ მოძველდა, ბევრი რამ შესაცვლელია. ტრამპის იდეა რა არის საბოლოო ჯამში, მოძველდა ბევრი მიდგომა, შესაცვლელია ბევრი რამ, არ შეიძლება თვალი დახუჭო სხვადასხვა პრობლემებზე, რომელიც არის დემოკრატიის თუ ზოგადად მსოფლიო განვითარების თვალსაზრისით, არ შეიძლება კომპრომისებით იარო მტერთან მიმართებაში'', - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.