''ოცნება'' არის საერთაშორისო ზეწოლაში, ისინი ტრამპის ინაუგურაციაზე სასურველი სტუმრები არ იყვნენ - ჯაფარიძე
"ქართული ოცნება" არის საერთაშორისო ზეწოლაში, ისინი არ იყვნენ სასურველი სტუმრები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთმა ლიდერმა, გია ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის გუნდის პროპაგანდა ჩავარდა, რასაც სწორედ ის ფაქტი ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის არც ერთი წევრი ფიცის დადების ცერემონიაზე არ მიიწვიეს.
(''ქართულ ოცნებას'') ბილეთი ეყიდათ და ჩასულიყვნენ. ისინი არიან საერთაშორისო ზეწოლაში. ''ქართული ოცნება'' არ იყო სასურველი დღეს, რომ ყოფილიყო, სადაც არიან ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ის ტყუილი, რაც გაყიდეს წინასაარჩევნოდ და რასაც უკვე არჩევნების შემდეგ ყიდდნენ. ეს 20 იანვარი დადგა და ვხედავთ, რომ ესენი იქ არ არიან. ტრამპის გამოსვლა იყო ის, რაც მანამდე ისაუბრა მან. ძალიან ნათლად თვლის, რომ ჩინეთი არის შეერთებული შტატების წინააღმდეგ'', - ამბობს გია ჯაფარიძე.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან.
ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.
ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.