"ოლიგარქი ინსტრუქციებს მოსკოვიდან ელოდება, ეს არ არის ის სათამაშო მოედანი, რომელთანაც ტრამპი ურთიერთობაში შევა" - კალანდაძე

21.01.25 00:37
"ოლიგარქი ინსტრუქციებს მოსკოვიდან ელოდება, ეს არ არის ის სათამაშო მოედანი, რომელთანაც ტრამპი ურთიერთობაში შევა" - კალანდაძე

"თვითმარქვია ოლიგარქი ინსტრუქციებს მოსკოვიდან ელოდება, ეს არ არის ის სათამაშო მოედანი, რომელთანაც ტრამპი ურთიერთობაში შევა" - ამის შესახებ ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა, ნინო კალანდაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობები დალაგდებოდა, ილუზიად რჩება. 

"ტრამპი ივანიშვილის ტიპის რეჟიმებთან ურთიერთობების გადახედვას არ აპირებს" - აღნიშნა ნინო კალანდაძემ. 

შტატებისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიზაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი, რადგან მათ რეგიონის მიმართ აქვთ გამოკვეთილი გეოპოლიტიკური ინტერესები. შტატების ინტერესებს, პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტები აძლიერებს, რადგან მათ საყრდენს აქ წარმოადგენს სწორი ინვესტიციები, ფინანსური ინსტიტუტების სწორი ფუნქციონირება. რაც იმთავითვე გულისხმობს იმას, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა არსებობდეს და არა იმას, რომ თვითმარქვია ოლიგარქი, რომელიც დამოუკიდებლადაც ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და ინსტრუქციებს ელოდება მოსკოვიდან. ეს არ არის ის სათამაშო მოედანი, რომელთანაც ტრამპი ურთიერთობაში შევა", - ამბობს ნინო კალანდაძე.

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან. 

ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.

ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და  ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.