კობახიძის ოცნება იქნებოდა, ტრამპს რომ მიულოცა, ხვალ იქიდანაც გამოეგზავნა ტრამპს მილოცვის წერილი - ხიდაშელი

21.01.25 00:55
კობახიძის ოცნება იქნებოდა, ტრამპს რომ მიულოცა, ხვალ იქიდანაც გამოეგზავნა ტრამპს მილოცვის წერილი - ხიდაშელი

"კობახიძის ოცნება იქნებოდა, ტრამპს რომ მიულოცა, ხვალ იქიდან ტრამპსაც გამოეგზავნა მილოცვის დიდი წერილი" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

  • ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-საქართველოს ურთიერთობა გაძლიერდება.

ხიდაშელის თქმით, ფიცის დადების ცერემონიაზე მიწვეული სახელმწიფო მეთაურების სიაში იყო სალომე ზურაბიშვილი, რაც გარკვეულწილად ამერიკის პოლიტიკის განაცხადია.

კობახიძის ოცნება იქნებოდა, ახლა, რომ მიულოცა ტრამპს, ის იქიდან დიდ წერილს გამოუგზავნის და უი, ჩვენ დაგვავიწყდა მოლოცვა და შენც გილოცავთო. ეს არის ის, რაზეც ესაუბრებოდა საკუთარ ამომრჩეველს. რა თქმა უნდა, არავის იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ეს იქნება. დღეს, გამოქვეყნდა სია მიწვეული სახელმწიფო მეთაურების, სულ რამდენიმე და მათ შორის არის სალომე ზურაბიშვილი, არა ყოფილების, არამედ მთავარ სიაში და ეს არ ხდება შემთხვევით და ეს არის პოლიტიკის განაცხადი'', - ამბობს თინა ხიდაშელი.

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსის წინაშე, ბიბლიაზე ფიცი დადო.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელი კანონმდებლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან. ასევე დარბაზში ოთხი ყოფილი პრეზიდენტი: ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი იმყოფებიან. 

ინაუგურაციის ცერემონიას ასევე ესწრება რამდენიმე უცხოელი ლიდერი, მათ შორის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

ტრადიციულად, პრეზიდენტების ინაუგურაციის ცერემონიები კაპიტოლიუმის შენობის გარეთ იმართება, თუმცა, მოსალოდნელი ცივი ტემპერატურის გამო, იძულებული გახდნენ, ეს ტრადიცია დაერღვიათ და ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში დაეგეგმათ.

ცნობისთვის, ამერიკის ისტორიაში ტრამპი მეორე პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლი ერთი ვადის გამოტოვებით დაიკავა და  ყველაზე ასაკოვანი კანდიდატი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.