არ ვაღიარებთ "ოცნების" მთავრობას, არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს - ექსკლუზიური ინტერვიუ რასა იუკნევიჩიენესთან
"ახალი არჩევნების გარეშე მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს"- ამის შესახებ "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში რასა იუკნევიჩიენე საუბრობს.
ევროპარლამენტარი ამბობს, რომ საქართველოში ვითარება უარესდება, "ქართული ოცნების" ე.წ. მთავრობა კი ვერ აცნობიერებს და ვერ იგებს რას ამბობს ხალხი და რას ითხოვს ქუჩაში.
რასა იუკნევიჩიენე თვლის, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა "ქართული ოცნების" რეჟიმი არ უნდა აღიარონ.
მისი თქმით, სწორედ ამ საკითხს დააყენებს ის სტრასბურგში საქართველოს შესახებ დღეს დაგეგმილ დებატებზე.
მაღალჩინოსანი აცხადებს იმასაც, რომ საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციას თებერვალში დაამტკიცებენ.
მე ჩემს გამოსვლაში გავაჟღერებ მესიჯს, რომ ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება და არ გადგნენ გვერდზე იმ მოცემულობიდან, რომელიც საქართველოშია. არ უნდა აღიარონ "ქართული ოცნების" რეჟიმი, შეწყვიტონ მათთან ყველა ტიპის პოლიტიკური კონტაქტი, იმ შემთხვევის გარდა თუ ისინი დათანხმებიან ახალი არჩევნების ჩანიშვნას საქართველოში.
ახალი არჩევნების გარეშე მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს. საქართველოში ვითარება უარესდება, ე.წ. ქართული ოცნების მთავრობა ვერ აცნობიერებს და ვერ იგებს რას ამბობს ხალხი და რას ითხოვს ქუჩაში.
მას შემდეგ რაც ნოემბერში დავამტკიცეთ რეზოლუცია, ევროკავშირმა მიიღო ახალი გადაწყვეტილებები. ახლაც იმავეს გავაკეთებთ. დღეს დებატებს გავმართავთ, ახალ რეზოლუციას კი თებერვალში დავამტკიცებთ. მნიშვნელოვანია შევაფასოთ სიტუაცია და გავაჟღეროთ მკაფიო მესიჯები, რა უნდა ქართველ ხალხს. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა.
ჩვენ არ ვაღიარებთ ამჟამინდელ მთავრობას, არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რაც წინა რეზოლუციაში აღვნიშნეთ, ქართულმა ოცნებამ მიიტაცა ყველა ინსტიტუტი საქართველოში, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტიც, ჩვენ უნდა მივიტანოთ ევროკავშირამდე მთავარი მესიჯი, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. ვხედავ, რომ ის ძალიან კარგად წარმოადგენს საქართველოს შეერთებულ შტატებში"- ამბობს მაღალჩინოსანი.
ევროპარლამენტი დღეს, 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში.
დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.