აბუ-დაბის ციხიდან თბილისში - პატიმრობიდან გათავისუფლებული „ ოცნების" დეპუტატები საქართველოში დაბრუნდნენ

22.01.25 13:05
აბუ-დაბის ციხიდან თბილისში - პატიმრობიდან გათავისუფლებული „ ოცნების" დეპუტატები საქართველოში დაბრუნდნენ

პატიმრობიდან გათავისუფლებული „ქართული ოცნების„  დეპუტატები საქართველოში დაბრუნდენ, თუმცა პარლამენტში არ გამოჩენილან. ივანიშვილის გუნდის წევრებმა აბუ დაბის საპტიმროდან თავის დაღწევა სოლიდური ჯარიმების სანაცვლოდ შეძლეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, მათ "ქართულმა ოცნებამ" გადაუხადა. 

„პირველების“ მოპოვებული ინფომაციით, ზარქუა, სამხარული და სანიკიძე ისევ ლაშა გაბიტაშვილმა გადაარჩინა. საბოლოო დაკითხვის დროს ჩვენებაში ახალგაზრდამ არ თქვა, რომ მასზე  პარლამენტის წევრის მიერ დაგეგმილი თავდასხმა განხორციელდა, რომელსაც ორგანიზატორი და შემსრულებლები ჰყავდა.

"პირველების" კითხვას, როდის ესაუბრა სკანდალში გახვეულ დეპუტატებს ბოლოს, გურამ მაჭარაშვილი არ პასუხობს.

"ჩემგან ხართ დასანქცირებული," - უთხრა დეპუტატმა ჟურნალისტს.

ის, რომ სკანდალში გახვეული დეპუტატები უკვე თბილისში იმყოფებიან, "ოცნების" დეპუტატი ლევან მახაშვილიც ადასტურებს. 

ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ  მანამდე მქონდა მასთან ურთიერთობა. მასთან მქონდა არაერთხელ კომუნიკაცია, მათ შორის, იმიტომ, რომ მე თითონაც ვიმყოფებოდი იქ რაღაც პერიოდის განმავლობაში, როცა ეს მოვლენები ხდებოდა. მას შემდეგაც გვქონდა ჩვენ სატელეფონო საუბრები, მასთანაც, სხვა ადამიანებთანაც, რომლებიც ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ, ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთანაც. ჩემი ინფორმაციით, ყველა მათგანი საქართველოში იმყოფება უკვე, - ამბობს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ლევან მახაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ზარქუა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარეა და მისი პრეროგატივაა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაცვა. ამის მიუხედავად, აბუ -დაბიში ის თავად გაეხვა სკანდალში, როდესაც ახალგაზრდა აქტივისტი ლაშა გაბიტაშვილი სცემა.