მზია ამაღლობელის საქმე - შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებს დაემალა
მზია ამაღლობელის კოლეგები და გულშემატკივრები, რომლებიც ამ წუთებში პარლამენტთან აქციას მართავენ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა შალვა პაპუაშვილი მათ დაემალა. "ოცნების" წევრმა არც ჟურნალისტების ესემეს შეტყობინებებს უპასუხა.
ახლა მინდა გითხრათ იმის შესახებ, თუ რა მივწერე შალვა პაპუაშვილს. მინდოდა მისთვის მეცნობებინა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები. მას აქვს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დარღვევა - ღრმა დეტალებში არ შევალ. ასევე, მინდოდა მეთქვა, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს კონსტიტუცია. შეეშვას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, შეეშვას მზია ამაღლობელის გაშავებას. ეს არ არის სწორი არც პოლიტიკურად, არც კაცურად, არც ნებისმიერი იმ გაგებით, რა გაგებასაც ისინი აღიარებენ. არ არის სწორი, ქალი, რომელიც სინდისის პატიმარია, ყოველდღიურად თავდასხმის მსხვერპლი იყოს ამ რაღაც ვერტიკალის. თავიანთ სასამართლოს მაინც დაელოდონ და ისე თქვან, რომ მზია დამნაშავეა. შესაბამისად, მე მოვუწოდებ და ვთხოვ, რომ მან ეს პროცესი შეწყვიტოს. ასევე, მე მზად ვარ, რომ მარტო შევხვდე და ავუხსნა დეტალები, რადგან მე ვარ იმ ამბის თვითმხილველი, რაც იქ ხდებოდა. რა თქმა უნდა, მას შეუძლია არ გაიზიაროს ჩემი მონათხრობი, მაგრამ მე მას და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს დაჟინებით ვთხოვ, შეეშვან ჩვენი და მზია ამაღლობელის გაშავებას. ისედაც ძალიან დიდი ქარხანა მუშაობს მის წინააღმდეგ და აცადონ მათ ტროლების და ბოტების ქარხანას და თვითონ თავი შეიკავონ“, - განაცხადა „ბათუმელების“ რედაქტორმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან "ბათუმელების" დირექტორის მხარდამჭერი აქცია იმართება. ჟურნალისტის მეგობრობებმა და კოლეგებმა საგანგებო განცხადებაც გააკეთეს და "ბათუმელების" დირექტორს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვეს.