აბუ-დაბიში მომხდარი დაპირისპირება - მდინარაძე ადასტურებს, რომ ზარქუას და სანიკიძეს ჯარიმა დაეკისრათ
აბუ-დაბიში მომხდარი დაპირისპირება - მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ივანიშვილის დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძეს ჯარიმები დაეკისრათ.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატები უკვე თბილისში დაბრუნდნენ, რაც შეეხება მომხდარს, "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მასაც თუ ვინმე თავს დაესხმება, "აუცილებლად პასუხს გასცემს"
„ორივე თბილისშია. პატიმრობაში არასდროს ყოფილან. ორი დღის განმავლობაში მიდიოდა საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. იყვნენ აბუ-დაბიში პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ იყვნენ სასტუმროში, შემდეგ დასრულდა სამართალწარმოება, დატოვეს აბუ-დაბი და არიან თბილისში. დღენახევარი გაატარეს პოლიციის განყოფილებაში. დასრულდა სამართალწარმოება და ორივე მხარეს ჯარიმები დაეკისრა. რომ ვრცელდება ინფორმაცია, იმხელა ჯარიმა არაა. ამასთან მიახლოებული თანხა არაა. სამართალდამრღვევები არიან, მაგრამ არა კრიმინალები. არავის არაფერი არ ამართლებს... მე თუ ვინმე თავს დამესხმება, აუცილებლად პასუხს გავცემ. გამართლება შეიძლება ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდეს. რთულია ქართველმა კაცმა მოითმინოს დედის გინება. გაყოყოჩებული „ქათმის“ ვაჟკაცობა არ გაიშვა და არც ქართველობა. შესაბამისი უწყებები დაინტერესებულები იყვნენ მათი ბედით და ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ თავის კოლეგებთან აბუ -დაბიში. ამას გნებავთ ზრუნვა დაარქვით, გნებავთ პატრონობა დაარქვით. მე პირადადაც დაინტერესებული ვიყავი და არაერთხელ მოვიკითხე ეს ამბავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარული ჯგუფურად თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლაშა გაბიტაშვილს, რომელმაც "ოცნების" დეპუტატებს "მონები" და "რუსები" ეძახა.