"არ უშვებდნენ საპირფარეშოში... არის წამების და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი" - გვარამიამ მზია ამაღლობელი მოინახულა
რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ დაკავებული მზია ამაღლობელი მოინახულა.
ნიკა გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორს პოლიციის მაღალჩინოსნის მითითებით წყლის დალევის საშუალებას და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას საათების განმავლობაში არ აძლევდნენ.
"მზია არის წამების და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი" - თქვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კამერების წინ.
აღმაფრთოვანებელი ადამიანია, ამ ქალის ციხეში ყოფნა არის ნონსენსი. მზია არის, პირდაპირ ვიტყვი, წამების და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი. ვერაფერი ვერ უშველის ამას. ადამიანი, რომელსაც წყალიც კი არ დაალევინეს საათების განმავლობაში დგებუაძის მითითებით, არ გაუშვეს საპირფარეშოში, ამ სიტყვებით არ გაუშვათ ტუალეტში ჩაიფსას - ვიკითხე ეს მეთქვა თუ არა. მეგონა რომ მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო იყო მხოლოდ დაკავება, ამ შინაარსზე კომენტარიც კი მიჭირს. ყველას მოვივლი ქვეყნის გარეთ, რათა მოვითხოვო მისი გათავისუფლება. მხოლოდ წყალს იღებს. რეგისტრირებულია უკვე შიმშილობა. მეც ვუთხარი, რომ ჯობდა იქნებ შეეწყვიტა, მისთვის ეს მოწოდებები ტრავმულია. მან ითხოვა, რომ ყველა დაუბრუნდეს საკუთარი მოვალეობის შესრულებას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ამასთან, პროტესტის ნიშნად, დაკავებულმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და თითოეულ მოქალაქეს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.