რამდენს ხარჯავს "ოცნება" ლობისტებში - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

23.01.25 15:27
რამდენს ხარჯავს "ოცნება" ლობისტებში - "პირველებმა" დოკუმენტი მოიპოვა

"ქართული ოცნება" ახალ სკანდალში ეხვევა - "პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ხალხის ფულით ლობისტებს ქირაობს და სწორედ მათი დახმარებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების დალაგებას ცდილობს.

საქართველოს მთავრობასა და კომპანია Chartwell Strategy Group-ს შორის გაფორმებული კონტრაქტით, რომელსაც ხელს დავით ზალკანიანი აწერდა, დგინდება, რომ ლობისტებს თეთრ სახლთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, თავდაცვის დეპარტამენტთან და მაღალი რანგის პირებთან საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი "ქართული ოცნებისთვის" ურთიერთობები უნდა მოეწესრიგებინათ.

2024 წლის დასაწყისში გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ივანიშვილის რეჟიმი მოცემულ კომპანიას ხალხის ბიუჯეტიდან თვიურად 40 ათას დოლარს, ხოლო წელიწადში, თითქმის, ნახევარ მილიონ დოლარს უხდიდა. 

ნახევარმილიონიანი კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს დასრულდა, რის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" 2025 წლის 20 იანვრამდე, ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გავლით, მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა სხვა კომპანიასთან, რომელსაც თვეში ასევე 40 ათას დოლარს უხდიდა. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მოცემულობით, "ლობისტების ფუნქცია განულებულია", რადგან როგორც ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვერცერთი ლობისტი კომპანია საერთაშორისო დონეზე "ოცნებისთვის" სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს. 

როდესაც ასეთი პოლარიზაციაა საგარეო ურთიერთობა ვექტორის მიხედვით, ვერცერთი ლობისტი კომპანია, ვერცერთი უცნობილესი ლობისტიც კი ვერაფერს ვერ გახდება. დემოკრატიული პრინციპებზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე გადის ამერიკული დემოკრატია. არცერთი ამერიკელი ხელისუფალი ხელს არ მოაწერს, თუკი დაინახავს გაყალბებულ არჩევნებს, სანქცირებულ ხელისუფლებას. სჯობს, შიგნით ვიმუშაოთ, ხალხს დაელაპარაკოს დე ფაქტო ხელისუფლება და მიიღოს გადაწყვეტილება. ლობისტების ფუნქცია, ვფიქრობ, დღეს განულებულია", - ამბობს ზვიად ჭუმბურიძე. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, კახა გოგიაშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის გუნდი ხალხის ფულს არამიზნობრივად ხარჯავს. 

"გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, რომელიც არის არანაკლები, ვიდრე ახალი არჩევნების დანიშვნა" - ამბობს კახა გოგიაშვილი.

გამოდის, რომ საქართველოს სახელმწიფო ლობისტურ კომპანიას იმისთვის უხდის, რომ დაალაგოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. სინამდვილეში შედეგი არ ჩანს. სახელმწიფო თანხების ხარჯვა, რომელიც ბიუჯეტს ეკუთვნის, მათი რეალური შემოწმება, მონიტორინგი და მიზანშეწონილობის დადგენა არ ხდება. გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, რომელიც არის არანაკლები, ვიდრე ახალი არჩევნების დანიშვნა, ან ახალ არჩევნებზე თანხმობა. ამის გარდა, სხვა ნებისმიერი მცდელობა, რომ ვაშინგტონის კეთილგანწყობა მოიპოვოს "ქართულმა ოცნებამ", პრაქტიკულად, გამორიცხულია", - ამბობს კახა გოგოლაშვილი. 

ლობისტების დაქირავების ფაქტი დღეს "ქართული ოცნების" პრემიერმა დაადასტურა. ირაკლი კობახიძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ინფორმაცია საჯაროა და მასზე წვდომა ყველას შეუძლია.  

ეს არის საჯარო ინფორმაცია და ამაზე წვდომა აქვს ნებისმიერ სუბიექტს. იყო კონკრეტული ხელშეკრულება, რომელსაც ამოეწურა ვადა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც შემიძლია გაგიზიაროთ. თუ იქნება ახალი კონტრაქტები, ამაზეც ინფორმაცია იქნება საჯარო", - ამბობს ირაკლი კობახიძე.