შურისძიება სამოქალაქო აქტივისტებზე - როგორ და რა მეთოდებით ცდილობს "ოცნება" პროტესტის ჩახშობას (ბრიფინგი)

23.01.25 15:24
შურისძიება სამოქალაქო აქტივისტებზე - როგორ და რა მეთოდებით ცდილობს "ოცნება" პროტესტის ჩახშობას (ბრიფინგი)

 

 

მესამე სექტორი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სიმძიმით სისხლის სამართლის პასუხისგმგებლობასთან მიახლოვებული ჯარიმების მასობრივად და დაუსაბუთებლად გამოყენების პრაქტიკის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

მედიასთან კონკრეტულ მაგალითებზე ნინო ლომჯარიამ და ეკა გიგარმა ისაუბრეს: 

ლომჯარიას თანახმად, პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და “ქართული ოცნების” პარლამენტი. 

მისი თქმით, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ და სასამართლოებმა ინტენსიურად დაიწყეს დეკემბერში “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ 5 დღეში მიღებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ბლანკეტური აკრძალვების გამოყენება, ასევე, მათი დარღვევისთვის 10-ჯერ და 20-ჯერ გაზრდილი მძიმე ფინანსური ჯარიმების და 15 დღემდე პატიმრობების გამოყენება.

პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს ღობეზე სტიკერების გაკვრის, ან სახის ნაწილის დაფარვის გამო (მაშინაც, კი, როდესაც პროტესტის მონაწილეები იდენტიფიცირებულები არიან). ასევე, დემონსტრანტებს მასიურად და დაუსაბუთებლად აჯარიმებენ არაპროპორციულად მაღალი ჯარიმებით “უკანონოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის” მოტივით მაშინ, როდესაც პოლიციის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებში მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება - მოქალაქეები დგანან ხალხის მასაში, ან მონაწილეობენ მასიურ სახალხო მსვლელობებში"- აცხადებენ მესამე სექტორში. 

ინფორმაციისთვის:

  • გზის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა აქციის მონაწილეებისთვის 500-დან 5000 ლარამდე, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000-დან 15000 ლარამდე გაიზარდა.  
  • სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, აქციის მონაწილის მიერ ლაზერის ტარება, შსს-ს სისტემაში დადგენილი ან მასთან მიმსგავსებული ატრიბუტიკის ტარება 2000  ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს;
  • ავტომობილით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა 1 წლამდე მართვის უფლების შეჩერებას იწვევს;
  • საპროტესტო პოსტერის გაკვრა კი “მუნიციპალური ტერიტორიის იერსახის დამახინჯების” მუხლით მოქალაქეების  50 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებას იწვევს. დაკავების არსებულ საფუძვლებთან ერთად პოლიციას პირის დაკავება უკვე პრევენციული მიზნითაც შეუძლია. 
  • 300-500 ლარიდან 1000-2000 ლარამდე გაიზარდა ჯარიმები, ასევე, სხვა ადმინისტრაციული დარღვევებისთვის, რასაც დამკვიდრებული პრაქტიკით სასამართლოები იყენებენ ხოლმე აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.

ლომჯარიას განცხადებით, არაპროპორციულად მაღალი ჯარიმების პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, საქართველოსთვისაც სავალდებულოა: 

  • ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან.  ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს. 

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მისი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება, აქციის მონაწილეებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაა. 

საგანგებო ბრიფინგზე სასამართლოს დაუსაბუთებელ მიდგომებზეც გამახვილდა ყურადღება.  საუბარია ადმინისტრაციული ჯარიმების შეფარდების პროცესზე. 

განცხადების ავტორების თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვეევბის საქმეების განხილვისას ე.წ. ქუჩის უკანონო გადაკეტვის” ბრალდებით,  პროცესში ფიქსირდება არაერთი დარღვევა:

  •  შსს სასამართლოში წარადგენს ისეთ მტკიცებულებებს, საიდანაც არ დასტურდება 
  • სავარაუდოდ სამართალდამრღვევის  ჩადენის დრო;
  • ხალხის რაოდენობის სიმცირე;
  • აქციის მონაწილე ქუჩის გადაკეტვამდე მივიდა ადგილზე, თუ გადაკეტვის შემდეგ;
  •  რა ნიშნით შეირჩა კონკრეტული პირი აქციის მონაწილეებისგან საჯარიმო ქვითრის შესადგენად.

საქმეს არ ერთვის: 

  • კონკრეტული პირის იდენტიფიკაციისათვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია (მაგალითად, დოკუმენტაცია იმისა, თუ საიდან ან რა სამართლებრივი გზით აქვს მოპოვებული მტკიცებულებები სახელმწიფოს);
  • ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.

ეკა გიგაურის თქმით, სასამართლო, მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, აქტივისტებს ნოემბერი-დეკემებრის შემთხვევებზე 500 ლარით, ხოლო იანვრის შემთხვევებზე - 5000 ლარით აჯარიმებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნული საქმეების განხილვის პროცესში ჩართულები არიან ესტონეთის მიერ დასანქცირებული მოსამართლეები, კერძოდ, თბილისში  ამ საქმეებს 6 მოსამართლე განიხილავს:

  1. ლელა მილდენბერგერი 
  2. ზვიად ცეკვავა
  3. ლელა ცაგარეიშვილი
  4. კობა ჩაგუნავა
  5. ნინო ენუქიძე
  6. მანუჩარ ცაცუა

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აღნიშნულ მოსამართლეებს, იმოქმედონ კანონის და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად"- თქვა გიგაურმა. 

რა უნდა ქნას მოქალაქემ ?


1.    ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში დაუკავშირდეს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზს: 577 07 05 63
2.    იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე თავად გადაწყვეტს საკუთარი თავის დაცვას, არასასურველი შედეგის შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით შეუძლია, ასევე, დაუკავშირდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ცხელ ხაზზე: 577 07 05 63
3.    იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ გამოცხადდა სასამართლოში, სასამართლო მისი დასწრების გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას, რისი გასაჩივრება ასევე იქნება შესაძლებელი. 
4.    მოქალაქეთათვის უკანონო ჯარიმების ტვირთის შესამსუბუქებლად ფუნქციონირებს არაერთი კერძო თუ სხვა ფონდი. მათ შორის, არსებობს ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მობილიზებული ფონდი, საიდანაც ხდება ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა.  
5.    იმ შემთხვევაში თუ პირმა უარი განაცხადა ჯარიმის გადახდაზე, დაიწყება იძულებითი აღსრულების მექანიზმის გამოყენება, რაც ასევე გულისხმობს ბანკის ანგარიშების გაყინვას.

5,000 ლარიანი ჯარიმების გადახდა მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი 1,600 ლარამდეა, ხოლო მედიანური ხელფასი 1,000 ლარია, ერთ ოჯახზე სოციალური დახმარება საშულოდ თვეში 370 ლარია, წარმოუდგენელი სიმძიმის ფინანსური და ქონებრივი ტვირთია მოქალაქეებისთვის, მითუმეტეს, როცა ჯარიმების შეფარდება დაუსაბუთებლად და განმეორებითად ხდება და ასეთი მაღალი ჯარიმების პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა"- აღნიშნა გიგაურმა. 

მისი თქმით, არასამთავრობოები  ბიზნეს ასოციებთან და ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს იწყებენ, რომ ავუხსნან არსებული ვითარება.

ამასთან, NGO-ები მიუთითებენ, რომ დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა, კერძოდ, დაკავებულების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

„11 იანვარს თბილისში პოლიციამ ძალის გამოყენებით მეორედ დააკავა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი, რომელსაც დაკავების შემდგომ ფიზიკური ანგარიშსწორების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ პირველი დაკავების დროს, დეკემბერში გია ჯვარშეიშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

დაკავების შემდგომ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას დაექვემდებარნენ 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მიერ დაკავებულები. რამდენიმე დაკავებულის ინფორმაციით, მათ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ 18 იანვარს პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულ პროტესტის მონაწილეებსაც.

აღსანიშნავია, რომ პოლიციელები, რომლებიც აქციების დაშლასა და მოქალაქეების დაკავებაში მონაწილეობენ, ხშირად გამოხატავენ უარყოფით პოლიტიკურ შეხედულებებს აქციის მონაწილეების მიმართ, შედიან მათთან პოლიტიკურ დისკუსიაში, დასცინიან პროტესტის მონაწილეებს და პროვოცირებენ მათ. აშკარაა, რომ პოლიციელები არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები, მათ გააჩნიათ აშკარა პოლიტიკური იდეოლოგია და ნეგატიური წინასწარგანწყობები აქციის მონაწილეების მიმართ.

საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, პროტესტის მონაწილეთა, აქტივისტთა და ჟურნალისტთა მიმართ სამართალდამცავების თუ კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის არც ერთ ფაქტზე არავინ მიუციათ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 52 პირს. აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ კი დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა”.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ გრძელდება პოლიციის მხრიდან ქალი დაკავებულების მიმართ ძალადობა, არაადამიანური და ღირსების შემლახავი პრაქტიკა. ისინი მიუთითებენ „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დირექტორისა და დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების დღეს – კერძოდ, ჟურნალისტის მონათხრობს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სახეში მას შეაფურთხა, ამასთან, არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

„ასევე, ერთ-ერთი დაკავებულის, ანრი კვარაცხელიას მეუღლემ, ნუცა ერემიანმა მედიასთან საჯაროდ ისაუბრა, რომ სახლის ჩხრეკის დროს პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც მას ფეხმძიმობა შეუწყდა.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერ-დეკემბერში დაკავებულ ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროების, არაადამიანური მოპყრობის, ცემის და გაუპატიურების მუქარის ფაქტები კვლავ არაა გამოძიებული და არავინაა პასუხისგებაში მიცემული”, – ნათქვამია განცხადებაში.

NGO-ები დამატებით საუბრობენ პროტესტის მონაწილეების „გატაცებაზე”, როგორც დაკავების უკანონო პრაქტიკაზე და აღნიშნავენ, რომ გრძელდება არაიდენტიფიცირებადი პირების მხრიდან პროტესტის მონაწილეთა უკანონო ფორმით „დაკავებების” პრაქტიკა, რომელიც თავისი შინაარსით მოქალაქის გატაცების ფორმას იღებს.

ისინი მიუთითებენ, რომ დაკავებულებს ქუჩიდან იტაცებენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული არაიდენტიფიცირებადი პირები და საათების განმავლობაში ადვოკატებისა და ოჯახის წევრებისთვის უცნობია მათი ადგილსამყოფელი.

„პოლიციის მიერ ჩადენილი ეს ქმედება შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება) განსაზღვრულ დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ან 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რაც ქმედება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე”.

არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, არჩევნების შემდგომ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 500-მდე, ხოლო სისხლის სამართლის წესით – 44 პირი დააკავა. სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირებიდან 42 იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მათი ასაკი 19 წლიდან იწყება. დაკავებულთა შორის 10-მდე სტუდენტი და ერთი ქალი ჟურნალისტია.