მზია ამაღლობელის საქმე - ქალი პოლიტიკოსები საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ
ქალი პოლიტიკოსები "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ - განცხადება ამის შესახებ განცხადება ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამარ კორძაიამ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა და პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ კანცელარიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"დღეს, ჩვენ გვაქვს წერილი, რომელსაც ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიათავისუფლებასა და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს, ევროკავშირსა და ყველა ჩვენს პარტნიორს, ვისთვისაც ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია. ამ წერილს ყველა ის ქალი პოლიტიკოსი უერთდება, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარულია. ერთობლივად, წერილით ვითხოვთ, მის გათავისუფლებას, ისევე, როგორც იმას, რომ შეწყდეს ზეწოლა და რეპრესიები მედიის მიმართ. გათავისუფლდეს მზია საპატიმროდან, როგორც ყველა პატიმარი.
განცხადების ავტორები: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ხატია დეკანოიძე, სოფო ჯაფარიძე, ეკა ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, ქეთევან თურაზაშვილი", - თქვა აქუბარდიამ.
მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი და ის მხოლოდ იმიტომ არის ციხეში, რომ ივანიშვილმა დააშინოს მედია, მედიის წარმომადგენლები, რათა საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სანდო ინფორმაცია.“ - აღნიშნა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ.
თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ წარწერას - საქართველოს მთავრობა, მაგრამ სინამდვილეში უნდა ეწეროს რუსეთის მთავრობა, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად იზრდება სინდისის პატიმრების რიცხვი და ციხეში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოს მომავლისათვის იბრძვის. დღეს განსაკუთრებულად გვინდა გამოვყოთ სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელი, რომელიც არის ამ რეჟიმის ნომერ პირველი ქალი მედია მენეჯერი სინდისის პატიმარი. მზია ამაღლობელი სწორედ იმიტომ არის დევნის მსხვერპლი, რომ თითოეული თქვენგანი, მედიის წარმომადგენელი დააშინონ და ვერ გაბედონ ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე საუბარი. მზია ამაღლობელი არის სწორედ სანიმუშო პატიმარი იმისათვის, რომ მედიამ ვერ ამოიღოს ხმა და შესაბამისად, საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სწორი და სანდო ინფორმაცია. მზია ამაღლობელი უკვე მეთორმეტე დღეა შიმშილობს და ეს უკვე საგანგაშო პერიოდია მისი ჯანმრთელობისათვის, ამიტომ ჩვენ ქალი პოლიტიკოსები კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შევიდეს გენერალური პროკურატურა სასამართლოსთან შუამდგომლობით და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესების ცუდად წარმართვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც რუსული მთავრობის შენობაში მყოფ ადამიანებს, ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია მონაწილე.“- განაცხადა თამარ კორძაიამ.