ბაჩიაშვილი: როცა ძალაუფლების მქონე პირი დაქვემდებარებულ სისტემას ადამიანის წინააღმდეგ იყენებს, რომელიც მის დავალებებს არ ასრულებს, ეს პოლიტიკური მიზნით დევნაა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე, თანაივნესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილი მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.
გიორგი ბაჩიაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ როდესაც "პოლიტიკური აბსოლუტური ძალაუფლების პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მის პოლიტიკურ დავალებებს არ ასრულებს, ეს პოლიტიკური მიზნითა და ძალაუფლებით ადამიანის დევნაა".
"როდესაც დამნაშავეები აგზავნიან მორიგების წერილს, ეს არის გამოძალვა; ჩაკეტილი ვარ ქვეყანაში, დაყადაღებული მაქვს ყველაფერი და მემუქრებიან სასჯელით" - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი აგრძელებს ივანიშვილის ტყუილებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მდგენელი არ ყოფილა. როდესაც პოლიტიკური აბსოლუტური ძალაუფლების პირი იყენებს მის მიერ დაქვემდებარებულ სისტემას ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მის პოლიტიკურ დავალებებს არ ასრულებს და ეწინააღმდეგება მის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ეს პოლიტიკური მიზნითა და ძალაუფლებით ადამიანის დევნაა.
დღეს არის მეორე დღე ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის, რომელშიც მონაწილეობენ ივანიშვილის წარმომადგენლები და მე. შესაბამისად, დავსვამთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს, რის შემდეგაც ყველა ადამიანი და დაინტერესებული პირი ახალ დეტალებს შეიტყობს ამ სპექტაკლის შესახებ.
როდესაც დამნაშავეებს გატაცებული ჰყავთ ადამიანი და ისინი აგზავნიან მორიგების წერილს, ეს გამოძალვაა. მე ვარ ყველანაირი კანონის გარეშე, ამ ქვეყანაში ჩაკეტილი, ყველაფერი დაყადაღებული მაქვს და სასჯელით მემუქრებიან, შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი გატაცება და მუქარა გამოძალვის მიზნით“,- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.