"ნიდერლანდები, პოლონეთი და სხვები, სავარაუდოდ, დამატებით ზომებს მიიღებენ" - ექსკლუზიური ინტერვიუ იოზვიაკთან
ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება და ივანიშვილის რეჟიმისთვის მოსალოდნელი სანქციები - სწორედ ამ თემებზე "პირველებს" ექსკლუზიური ინტერვიუ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა მისცა.
გავლენიანმა ჟურნალისტმა "ქართულ ოცნებას" სიურპრიზები დაუანონსა და "ტვ პირველთან" პირდაპირ თქვა, რომ ნიდერლანდები, პოლონეთი და ევროპის კიდევ რამდენიმე სახელმწიფო, მაღალი ალბათობით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, მმართველი პარტიის წევრების შავ სიაში შეყვანას აპირებენ.
"ერთიანი სანქციების მოლოდინი უნგრეთის და სლოვაკეთის პოზიციის გამო არ უნდა გქონდეთ, მაგრამ არსებობენ წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დამატებით ზომებს მიიღებენ" - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა, რომლის ცნობითვე, ევროკავშირის ელჩებმა ქართველი დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
დღეს დიპლომატები დაეთანხმნენ ამ გადაწყვეტილებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრები კენჭს უყრიან ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, უნგრეთი და სლოვაკეთი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებიან, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გადაწყვეტილებას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება.
გადაწყვეტილება ძალაში შევა მაშინ, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდება ევროკავშირის ვებგვერდზე, სავარაუდოდ, ეს თებერვლის პირველ ნახევარში მოხდება. ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ, სანქციების შესაძლებლობაზეც. ერთიანი სანქციების მოლოდინი უნგრეთის და სლოვაკეთის პოზიციის გამო არ უნდა გქონდეთ, მაგრამ არსებობენ წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დამატებით ზომებს მიიღებენ. სავარაუდოდ, ეს იქნება ნიდერლანდები, პოლონეთი და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო. ახლა პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, შედარებით ნეიტრალურად პოზიციონირებს, თუმცა პოლონეთი სანქციებს აუცილებლად დააწესებს.
"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა ქართველი დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის გაჩერებას მხარი დაუჭირეს.
რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ 27 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.