გახარია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება დაკარგოს

24.01.25 15:23
გახარია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება დაკარგოს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთად პირადად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

გიორგი გახარიამ ბათუმში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და ის გარემოებები ჩამოთვალა, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული.  

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქმის სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ სიმართლის გასაცხადებლად ყველაფერს გააკეთებს. გახარია ივანიშვილს ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ოლიგარქმა მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება დაკარგოს. 

ამა წლის 15 იანვარს განხორციელდა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი თავდასხმა ჩასაფრებით ჩემზე და ფაქტობრივად, ჩემს გუნდზეც, რომლის დამკვეთი, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე, ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. 

ივანიშვილი ბიძინა კაი ხანია უკვე მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, საჯაროდაც, ესეც ნანახი გაქვთ, მაგრამ მე დღეს ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან ჩვენს ქვეყანაში, როგორც ადამიანთან, რომელიც ძალადობს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე და ძალადობს ჩვენს ქვეყანაზე.

დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი ქვეყანა, მთავარი ფასეულობა გახლავთ ფული და ძალაუფლებადა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის ერთად, რომ მან დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც და მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები ყოველდღიურად თქვენთან ერთად და წინა ხაზზე.

იმ დღეს მე გახლდით ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე და როდესაც დავბრუნდი სასტუმრო „შერატონში“, შესასვლელშივე დამხვდა რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი ადამიანები, რომლებიც, შესული არ ვიყავი, უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს იღებდა ტელეფონით, სასტუმროს ლობი დაცლილი იყო ადამიანებისგან, მათ შორის, სასტუმროს სტაფისგან და მას შემდეგ, რაც მე რეაქცია მოვახდინე, აშკარა იყო, რომ ეს ადამიანები ცდილობდნენ, რომ მე შემემჩნია, რომ იყვნენ შეიარაღებულები. მას შემდეგ, რაც რეაქცია მოვახდინე, ყავის ჭიქით „გავუმასპინძლდი“, ჯგუფურად თავს დამესხნენ, რის შემდეგაც, როგორც მითხრეს, მე გონება დავკარგე და შემდგომ, სანამ სასტუმროს და მადლობა მინდა გადავუხადო, სასწრაფოს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, უბრალოდ, გონზე ვერ მოვედი.

დღეს როგორც მიდის გამოძიება და როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის სამართლიანად გამოძიებას და ამაზე ჩვენ მიგვითითებს რამდენიმე რამ: პირველი, ის, რომ ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს და რასაც იღებდნენ, ეს აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან ერთად, ფაქტია, რომ გაქრა საერთოდ კამერის ჩანაწერები და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა „შერატონზე“ დამის მენეჯმენტზე იმისთვის, რომ ეს კამერები გამქრალიყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს: ვინ მონაწილეობდა ამაში, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი. საბოლოო ჯამში, მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა,  ეს სასაცილო მცდელობა ჩემი დაშინების და განეიტრალების, მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები წინა ხაზზე და ყველაფერს გავაკეთებ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა როგორც რეპუტაცია და ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მან დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება. გჯეროდეთ, რომ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 
 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ.  არსებული ინფორმაციით, 15 იანვარს მომხდარ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.