ზურაბიშვილის შეხვედრა მაკრონთან - ოპოზიციაში პირველ კომენტარს აკეთებენ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის დახურულ კარს მიღმა გამართულ აუდიენციას ქართველი ოპოზიცია კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვან შეხვედრად აფასებს.
კოალიცია "ძლიერ საქართველოში" ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს საუკეთესოდ აუხსნა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და ქართველი ხალხის გამოხატული ნების შესახებ.
მან (სალომე ზურაბიშვილმა) საუკეთესოდ ახსნა საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა, გაყალბებული არჩევნები, ქართველი ხალხის გამოხატული ნება, ამავდროულად, ის გეოპოლიტიკური გზავნილები, რაც არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ინტერესები ჩვენს რეგიონში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებიც, რომელიც თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, რადგან რაც მეტი ამერიკა და მეტი ევროკავშირი იქნება ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი, კარგი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის", - განაცხადა ლანა გალდავამ.
"გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრები კი არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს სანქციების პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდა.
თეონა აქუბარდია ვარაუდობს, რომ შესაძლებელია საფრანგეთმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.
საფრანგეთი ხმამაღლა უდგას ქართველი ხალხის ბრძოლას გვერდში, რათა ვიყოთ დემოკრატიულები და ევროპულები. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება მაშინ, როდესაც ვიზიტი შედგა პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და მაკრონს შორის. არ არის გამორიცხული პერსონალური სანქციების საკითხი, მათ შორის ივანიშვილზე. მაშინ, როდესაც გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი კიდევ უფრო აქტიურდება ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ამ შემთხვევაში მაკრონს აქვს განსაკუთრებული როლი'', - ამბობს თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, გუშინ, 24 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.