"პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი, საშუალება მქონდა, მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ხდება" - ზურაბიშვილი
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აფასებს.
ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შეხვდა და მიეცა იმის საშუალება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესები.
პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი. ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ რომ ეს იყო შეხვედრები იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. მაგრამ მაინც, იმის საშუალება მქონდა, რომ მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რამდენად საგანგაშოა ეს იმ რეგიონში, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქვეა შავი ზღვა, სტრატეგიული ახალი პროექტები, ქვეყანაში, რომელიც ამერიკის დახმარების ობიექტია ბოლო 30 წლის განმავლობაში." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.