ცესკოს ახალი სკანდალი - ვინ მართავს საარჩევნო ადმინისტრაციას?
"ცესკოს" შეფი ახალ სკანდალში ეხვევა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ცესკოში პროცესებს პირადად გიორგი ჯავახიშვილი მართავდა.
- პირი, ვისაც "რუხ კარდინალად" მოიხსენიებენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალურად კომისიის მდივნის თანამდებობას იკავებს.
"შაბათის ეთერი" შეხვდა და გაესაუბრა 15 ყოფილ საჯარო მოხელეს, რომლებიც დაკავებული თანამდებობებიდან, სავარაუდოდ პოლიტიკური გემოვნების გამო გაათავისუფლეს. ისინი ახლა არაღიარებული არჩევნების ჩამტარებელს, სასამართლოში უჩივიან. წმენდაში მოყოლილები იმასაც ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება რეალურად, არა გიორგი კალანდარიშვილმა, არამედ, გიორგი ჯავახიშვილმა მიიღო.
რეორგანიზაცია გიორგი ჯავახიშვილის ოჯახსა და სანათესაოს არ შეხებიათ:
- ცესკოს ცესკოს მდივნის ცოლიც ამავე უწყებაშია დასაქმებული - თამარ კაპანაძე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსია,
- უწყებაში მუშაობს ჯავახიშვილის ცოლის ბიძაშვილი, ზურაბ ღუღუნიშვილიც.
- ჯავახიშვილის ბიძაშვილის შვილია, ცესკოს ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით მენეჯერი, გიორგი სტურუაც.
დეკემბერში დაწყებული წმენდის მთავარი მიზანი, გათავისუფლებულების თქმით, ცესკოში დარჩენილების გაფრთხილება და მათი დაშინების მცდელობა იყო.
ეს ბრძოლა იმდენად დაუნდობელი იყო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ანგარიში არც საკუთარ თანაგუნდელებს გაუწია. სამსახურიდან გათავისუფლებულებს შორის არის, მმართველი პარტიის დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის ძმაც, თამაზ შარმანაშვილი, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის პოსტი ეკავა, საარჩევნო ადმინისტრაციიდან გამოჟონილი ინფორმაციით, ძმის რჩეულ, ივანიშვილის გუნდს არ გულშემატკივრობდა.
დეპარტამენტს, რომელიც სრულად გააუქმეს, დავით კირთაძის მეუღლე, სოფო სიჭინავა ხელმძღვანელობდა. სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში მომუშავე ყველა საჯარო მოხელე უკვე უმუშევარია.
უწყებიდან გათავისუფლებულები პირდაპირ ამბობენ, რომ ერთადერთი, ვისაც "ქართული ოცნების" რეჟიმის მსგავსად, ცენტრალური საარჩევნო კომისიაც თურმე ეყრდნობა, პროკურატურა და ძალოვანი უწყებებია.
ამასთან, გაირკვა კიდევ ერთი დეტალი - ის თანამშრომლები, რომლებიც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები არ იყვნენ, არჩევნების დღეს სამსახურში არ გამოიყვანეს.
რა ქონებას ფლობს გიორგი ჯავახიშვილი?
- შთამბეჭდავია გიორგი ჯავახიშვილის ქონება - მდიდრულ დასახლებაში, სახლის მხოლოდ მშენებლობა, ცესკოს მდივანს 280 000 ლარი დაუჯდა. თითქმის 200 ათასი ლარი გადაიხადა მიწის ნაკვეთში. დეკლარაციაში არაფერი წერია, სარემონტო ხარჯებსა და ავეჯზე, რაც ჯამში ნახევარ მილიონზე ბევრად მეტია.
- არც ეს არის ყველაფერი. დეკლარირებულ ქონების ნუსხაში ვკითხულობთ, რომ ნადარბაზევის ბაღების გასაშენებლად, 7 მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი. 100 ათას ლარიანი ავტომობილით გადაადგილდება, ჯავახიშვილის ცოლიც.