დებატები საქართველოს შესახებ - ოპოზიცია ბრიუსელსა და სტრასბურგში მტკიცებულებებით შეიარაღებული ჩავა
"ოცნების" მძიმე ორშაბათი - ბრიუსელსა და სტრასბურგში საქართველოს შესახებ დაგეგმილ დებატებზე ოპოზიცია მტკიცებულებებით შეიარაღებული ჩავა. ხელისუფლების ოპონენტბი გეგმავენ, ევროპარლამენტარებს ქვეყანაში არსებული კრიზისის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. პროდასავლური ოპოზიცია ადგილზე ჩაიტანს მოძალადე პოლიციელების მიერ ნაწამები ადამიანების ფოტო და ვიდეო მასალასაც.
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ მიემგზავრება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, იქ, სადაც გაიმართება ასამბლეა, სადაც მიიღებს მონაწილეობას ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ევროპარლამენტარები. მათ შორის, ჩვენ ვართ „ალდეს“ წევრი პოლიტიკური ჯგუფი, სადაც ჩავიტანთ იმ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დაზარალებული ადამიანების ფოტო-ვიდეომასალას, ასევე წარვადგენთ ჩვენს მოთხოვნებს ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერტ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ სტრაბურგის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში გავითარებულ მოვლენებს ადეკვატურად უპასუხებს.
ამ ადამიანებმა გააყალბეს არჩევნები, მიიტაცეს ხელისუფლება და მიუხედავად იმ დიდი საპროტესტო ტალღისა, რომელიც ქვეყანაშია აგერ უკვე მესამე თვეა, არანაირ შემხვედრ ნაბიჯს ისინი არ დგამენ. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეამ, ჩვენი მოლოდინით, უნდა მიიღოს ძალიან ადეკვატური და შესაბამისი გადაწყვეტილება, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
ივანიშვილის დასანქციების მოტივებსა და დაზარალებული ადმაიანების შესახებ დეტალური ანგარიში მოამზადა კოალიცია "ცვლილებისთვისმაც".
ჩვენ გავაკეთეთ მთლიანი ანგარიში, სადაც მოთხრობილი და აღწერილია ყველა ის სანქცია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაუწესდა და მოძალადე ადამიანის მიერ ნაცემი ყველა ადამიანების ისტორია, მათ შორის დაკავებულების, 53 სისხლით გასამართლებული პროტესტის მონაწილე გვყავს. ადგილზე გვინდა, დეპუტატებმა ნახონ, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის კონსტიტუციური პრინციპები დაიცვას.
მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ არ შეგვიძლია, გავსაზღვროთ, მაგრამ მნიშნელოვანია, რომ ჩვენ დავიცვათ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის ის კონსტიტუციური პრინციპები, რომელიც ივანიშვილმა ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგოდ შეცვალა. ეს არის ვალდებულება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, რომ განიხილოს საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება, - ამბობს თეონა აქუბარდია.
საქართველოს შესახებ რამდენიმე საათში ბრიუსელსა და სტრასბურგში იმსჯელებენ. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, სტრასბურგში კი დებატებია ჩანიშნული.
სხდომას "ოცნების" დელეგაცია და ოპოზიცია დაესწრება. შეხვედრაზე რეჟიმის მამხილებელი მტკიცებულებებით შეიარაღებული მიდის არასამთავრობო სექტორიც. აქციებზე ნაცები, ნაწამები და უკანონოდ დაკავებული ადამიანების შესახებ ხვალ ყველა უფრო მეტს გაიგებს. საუბრის მთავარი თემა იქნება დატყვევებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული დევნაც.