უარი არალეგიტიმურ პარლამენტს - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" დეკლარაციების შევსებაზე უარს აცხადებს
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პარლამენტის წევრის სტატუსით დეკლარაციის შევსებაზე უარს ამბობენ - ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტის და ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნას არ შეასრულებენ, რადგან მათ ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. მათი თქმით, თავს დეპუტატებად არ ცნობენ და მანდატებზეც უარი 2 თვის წინ განაცხადეს.
ჩემთვის უცნობი ნომრიდან მივიღე ერთხელ ზარი. თავი წარადგინეს როგორც ანტიკორუფციული თანამშრომლებმა და მითხრეს, რომ რაღაც დეკლარაცია მაქვს შესავსები, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს. მე მაქვს დაწერილი განცხადება მანდატის დატოვების შესახებ. არაერთხელ მითქვამს და საყოველთაოდ ცნობილია ჩემი პოზიცია, რომ არ ვცნობ ამ პარლამენტის უფლებამოსილებას. მე არ დავდივარ პარლამენტში, არ ვიღებ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სრულიად არაგონივრულია, შევავსო დეკლარაცია, რომლის შევსებასაც მთხოვენ, - ამბობს გია ჯაფარიძე.
კოალიციის კიდევ ერთი წევრი ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა თავს ე.წ. პარლამენტის წევრებად არ მიიჩნევენ და ამიტომ არც დეკლარაციის შევსების ვალდებულებას ხედავენ. ამასთან, მისი თქმით, კოალიციის წევრები მზად არიან, აღნიშნული ინფორმაცია სხვა ფორმატში გაასაჯაროონ.
ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომ ჩვენ უნდა წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ჩვენთვის ე.წ. პარლამენტის წევრებს. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ არანაირ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ წინააღმდეგი იმის, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაციები, მათ შორის, რამდენიმე თვის წინ გვაქვს წარდგენილი იგივე ბიუროსთვის ჩვენი ქონებრივი დეკლარაციები. ყველაფერი შეგვიძლია, რომ სხვა ფორმატში გავასაჯაროოთ, არადა, სხვათა შორის, სხვებს არც აქვთ გასაჯაროებული. ჩვენ არ გახლავართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც ვაპირებთ, მომავალში ვიყოთ, ამიტომაც განცხადებით მივმართავთ, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
უკვე 2 თვეა, რაც პროდასავლურმა ოპოზიციამ პარლამენტს მათთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტს 8-14 დღემდე ვადაში უნდა ემსჯელა, საკითხი დღის წესრიგში დღემდე არ დაუყენებიათ.
ამ ფონზე კი "ოცნება" ამტკიცებს, რომ მანდატების გაუქმებაზე მაშინ იმსჯელებს, როცა საჭიროდ ჩათვლის.
ნახავთ, როცა ვიმსჯელებთ, წინასწარ არ დაგასპოილერებეთ, - ამბობს "ოცნების" დეპუტატი არჩილ გორდულაძე.