ევროსაბჭოში "ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც ამ წუთებში სტრასბურგში იმართება და სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ, ერთ-ერთმა დეპუტატმა მოითხოვა, "ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილება არ მიანიჭონ.
სარჩელის ავტორი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ბორიანა აბერგი ამბობს, რომ "საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და საქართველოში დემოკრატიული წესრიგის ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს".
დეპუტატის წინადადებას მხარი ასამბლეის სულ მცირე ოცდაათმა წევრმა დაუჭირა.
- საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის განხილვა მონიტორინგის და საპროცედურო კომიტეტებს უკვე გადაეცა, რომელთაც მოსაზრება 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ.
ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს იმართება, მოგვიანებით ხდება ცნობილი, აღიარებული იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება.
„ოცნების“ წარდგენილ დელეგაციაში შედიან: თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი.
საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტო რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება შედის. ივანიშვილის რეჟიმი ანგრევს დემოკრატიულ წესწყობას საქართველოში. ეს არის მიზეზი, რის გამოც იპიპის მხარდაჭერით მოვითხოვ ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილების გაწვევას, - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარმა ბორიანა აბერგმა.
აღსანიშნავია, რომ სხდომას "ქართული ოცნების" დელაგაციაც ესწრება. დელეგაციას გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გახსნის ცერემონიას ქართული ოპოზიციური პარტიებიც ესწრებიან. ადგილზე იმყოფებიან კოალიცია "ერთიანობა საქართველოს" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები.
რამდენიმე წუთში ევროსაბჭოს ასამბლეის სხდომაზე საქართველოს შესახებ დებატები დაიწყება.
ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ: კოალიციამ ცვლილებებისთვის, ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ და ძლიერმა საქართველომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართა, არ დაედასტურებინათ ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება.