საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული შოუა, რომელსაც ერთი ოლიგარქი მართავს- გუსტავ გოტბერგი

27.01.25 18:03
საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული შოუა, რომელსაც ერთი ოლიგარქი მართავს- გუსტავ გოტბერგი

საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული შოუა, რომელსაც ერთი ოლიგარქი მართავს, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გოტბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

გუსტავ გოტბერგი ამბობს, რომ ის ამაყობს შვედი კოლეგით, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის გასაჩივრების საკითხი დააყენა.

ვამაყობ, რომ ჩემი შვედი კოლეგის, ბორიანა ობერგის გვერდით ვზივარ, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის გასაჩივრების საკითხი დააყენა. საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული შოუა, რომელსაც ერთი ოლიგარქი მართავს. ჩვენ ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს“, - წერს გუსტავ გოტბერგი.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც ამ წუთებში სტრასბურგში იმართება და სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ, ერთ-ერთმა დეპუტატმა მოითხოვა, "ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილება არ მიანიჭონ.

სარჩელის ავტორი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ბორიანა აბერგი ამბობს, რომ "საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია და საქართველოში დემოკრატიული წესრიგის ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს".

დეპუტატის წინადადებას მხარი  ასამბლეის სულ მცირე ოცდაათმა წევრმა დაუჭირა.