პრივილეგიების ნაცვლად, რიგში დგომა ვიზის ასაღებად - პირველი სანქცია "ქართულ ოცნებას" ევროკავშირისგან
არ იქნება ახალი არჩევნები არ იქნება აღიარება ევროკავშირისგან - ეს იყო დღეს ბრიუსელში შეკრებული მინისტრების მთავარი გზავნილი ივანიშვილის რეჟიმისთვის. პირველად საქართველოს ისტორიაში, ევროკავშირმა მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.
ყველა, ვისაც ჯიბეში დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი უდევს, უვიზოდ ვეღარ ივლის. არ აქვს მნიშვნელობა, მიდიან კერძო შეხვედრაზე დასასვენებლად, თუ ოფიციალური ვიზიტით. მათთვის საკონსულო სამსახურში მისვლა და ვიზის აღება სავალდებულო ხდება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბჭოზე მიიღეს პირველი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ევროპას მეტი შეუძლია - ასეთია მინისტრების განწყობა. ესტონეთმა დააყენა საკითხი, რომ უვიზო მიმოსვლა საერთოდ შეჩერდეს და ეს იყოს პასუხი "ოცნების" რეჟიმისთვის, რომელიც საკუთარ ხალხს ატყუებს.
საგარეო საქმეთა საბჭოზე დახურულ კარს მიღმა, სავარაუდოდ, დადგა პერსონალური სანქციების საკითხი. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ფიქრობენ, რომ ერთი შანსი უკვე გაუშვეს, ახლა მოქმედების დროა, რეპრესიების ავტორები კი ოლიგარქის გუნდიდან პერსონალურად დაწესებული სანქციებით უნდა დაისაჯონ. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და გერმანიამ ეს ნაბიჯი უკვე გადადგეს, ახლა ჯერი სხვებზეა.
ახალი არჩევნები დღის წესრიგში რჩება. თუ გსურთ დემოკრატია, მაშინ ჩაატარეთ არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს - ეს გზავნილი საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააჟღერა. კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ახალ არჩევნებში ხედავს ლიეტუვაც. სხვა შემთხვევაში, ევროკავშირი დემოკრატიის ჩამოშლას ელოდება.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.