"მზია ამაღლობელი სასიკვდილო საფრთხეშია, რომელშიც "ოცნებამ" ჩააგდო" - კუპრაძე

27.01.25 23:31
"მზია ამაღლობელი სასიკვდილო საფრთხეშია, რომელშიც "ოცნებამ" ჩააგდო" - კუპრაძე

"მზია ამაღლობელი სასიკვდილო საფრთხეშია, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მიერ გამოცხადებული შიმშილობა საფრთხის შემცველი და ყოვლად საგანგაშოა. 

ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა სინდისის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც დაიწყო, რომელმაც 6 დღის განმავლობაში 16 კილოგრამი დაიკლო - "მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ექიმების, ოჯახის ჩართულობით მოხერხდა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა".

მზია ამაღლობელი არის საფრთხეში. სასიკვდილო საფრთხეშია ჩაგდებული. სასიკვდილო საფრთხეში "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო. მზიამ გამოგზავნა წერილი - "ვშიმშილობ. სიცოცხლე თავისუფლებაზე ძვირფასი ვერ იქნება". ძალიან მოკლედ გამოთქვა თავისი პოზიცია და მას შემდეგ უკვე 16 დღე გავიდა. ის სამარტოო საკანში ზის, არ სარგებლობს გასეირნების საათით. მე არ წავახალისებდი შიმშილობის მძიმე აქტს. მას აქვს მტკიცე პოზიცია. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება და ხშირად გვჭირდება განგაშის ზარისთვის ვიზუალური ხედვა, რომ დავინახოთ, მზია ამაღლობელი როგორ არის.

მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდა ერთი პატიმარი, ნიკო ჯავახიშვილი, რომელმაც 6 დღის განმავლობაში 16 კილოგრამი დაიკლო. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ექიმების, ოჯახის ჩართულობით მოხერხდა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. წარმოიდგინეთ მზია ამაღლობელის მდგომარეობა. მას თანმხლები სირთულეები აქვს", - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები