პოლონეთი იწონებს ამ გადაწყვეტილებას - გებალი დიპ.პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე

28.01.25 13:21
პოლონეთი იწონებს ამ გადაწყვეტილებას - გებალი დიპ.პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე

ჩვენ შევუერთდით საერთო ევროპულ კონსენსუსს, შეუჩერდეთ თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა დიპპასპორტის მქონე ქართველ მაღალჩინოსნებს ევროკავშირის ტერიტორიაზე - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალიმ ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა. 

დიპლომატი ამ კომენტარით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო მიმოსვლის უფლება უჩერდებათ

მისი თქმით, პოლონეთი იწონებს ამ გადაწყვეტილებას. საქართველოში პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს დასაწყისისთვის სიმბოლური ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან. 

მისი თქმით, აშფოთებთ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრების შესახებ. 

ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ცხადია, ვმონაწილეობთ რიგი საკითხების, გადაწყვეტილებების ინიციირებაში, მაგრამ ამ მიმართულებით შემდეგი ნაბიჯები რა იქნება, რა შეიძლება, გაკეთდეს, ეს ჯერ არ ვიცით.

რა თქმა უნდა, გვაშფოთებს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრების შესახებ, ეს ნამდვილად სამწუხაროა.

თუმცა ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ვუცხადებთ მათ მხარდაჭერას, ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლის გზაზე.

ევროკავშირს აქვს გაფართოების ყველაზე მასშტაბური გეგმა და ამბიციური მიზნები მომავალ 6 თვეში. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს იმ მთავარი პირობების შესრულება, რომლებიც აუცილებელია, შესრულდეს ევროპულ კავშირში წევრობისთვის.

ჩვენმა ქვეყანამაც რთული გზა გაიარა მოლაპარაკებების რთული, თითქმის 14-წლიანი გზა და მივაღწიეთ მიზანს, წარმატებით დავასრულეთ ეს პროცესი - გავხდით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თქვენც ამ რთული გზის გავლა გიწევთ"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები