იარაღი კალანდარიშვილისთვის - "მალე მივალთ იმ ეტაპზე, როცა საარჩევნო უბნებთან შეიარაღებულ პირებს დააყენებენ"
იარაღის ტარების უფლება ცესკოს შეფსა და ცენტრალური საარჩევნო წევრებს - ოპოზიცია "ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ცესკოს ყოფილი წევრი დავით კირთაძე ამბობს, რომ გაუგებარია, რისთვის სჭირდებათ უწყების თანამშრომლებს იარაღი, მაშინ, როდესაც, წესით, მათი საქმიანობა საფრთხეებს არ უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების ინიციატივით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება კალანდარიშვილს და მის მოადგილეებს სიცოცხლის ბოლომდე შეეძლებათ.
ყოვლად გაუგებარია ცესკოს წევრს რატომ უნდა სჭირდებოდეს იარაღი. არასდროს ყოფილა ამის საჭიროება, იმიტომ, რომ იმდენად უსაფრთხო ადმინისტრაციის თანამშრომლების საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად უნდა იყოს არბიტრი, დღეს ყველამ ვნახეთ, რომ მათი ქმედებით მოხდა არჩევნების მიტაცება „ქართული ოცნებისთვის“. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ კი დაუნიშნა მუდმივი დაცვა ცესკოს თავმჯდომარეს, თუმცა არიან კომისიის წევრები, რომლებსაც შიშის ფაქტორი გააჩნიათ და ამიტომ მოსთხოვეს იარაღის ტარების უფლება. „ქართული ოცნებაც“ აძლევს ამის ნებას, რომ იარონ და თავი დაიცვან იარაღით. მე არც მაშინ მჭირდებოდა, 2007 წლიდან კომისიის წევრი ვიყავი და არც ახლა მჭირდება იარაღის ტარების უფლება, - ამბობს დავით კირთაძე.
გიორგი სიორიძე ამბობს, რომ იმ სპეცოპერაციის შემდეგ, რომელიც "ოცნებამ" არჩევნების მოპარვასთან დაკავშირებით ჩაატარა, უწყების თანამშრომლებმა შესაძლოა, იარაღის და თავის დაცვის საჭიროება დაინახეს.
26 ოქტომბერს უკვე ჩაატარა სპეცოპერაცია სახელწოდებით „არჩევნები“. ალბათ სამხედრო ხიბლში შევიდნენ, სამხედრო წოდებები შეიძლება, მოუნდეთ, იარაღის ტარება. რეალურად, ყველაფერი დაიწყო დაახლოებით ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ როდესაც ცესკო თავმჯდომარეს თითქოს ეფემერული საფრთხეები ემუქრებოდა, თავდასხმის, შუა ქუჩაში მანქანის კარი გამოუღეს. შემდეგ იყო, როდესაც უზარმაზარი რკინის გალავანი შემოავლეს ცესკოს, მანდატურის სამსახური შემოიღეს, - ამბობს ცესკოს ოპოზიციონერი წევრი
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე არ გამორიცხავს, რომ ცესკომ მალე საარჩევნო უბნებთან შეიარაღებული პირები დააყენოს.
ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს საარჩევნო ადმინისტრაციის ბუნებას. მალე მივალთ კალანდარიშვილის და „ქართული ოცნების“ პირობებში იმ ეტაპზე, რომ საარჩევნო უბნებზე შეიარაღებული ხალხი იდგება და საარჩევნო უბნებზე ადმინისტრაციის წევრებს ექნებათ თან იარაღი. სამარცხვინოცაა და სასაცილოც, - ამბობს თენგო თევზაძე.
ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს.
ამავე პროექტით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ცესკოს იმ წევრებს შეუნარჩუნდებათ, რომლებიც უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში უფლებამოსილებას უწყვეტად ახორციელებდნენ.