ანა ნაცვლიშვილი გიორგი გაბიტაშვილს: დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის ტვირთი ზიდოთ?
დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის ტვირთი ზიდოთ?, - ამ კითხვით კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ "ბათუმელების" დიექტორი ციხეში უსამართლოდ გაუშვეს და ეს გიორგი გაბიტაშვილმა ყველაზე უკეთ იცის.
ნაცვლიშვილი მთავარ პროკურორს მოუწოდებს, სასამართლოს მიმართოს და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვოს.
მისი იქ ყოფნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და ზნეობრივ გამართლებას და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, - ამბობს ნაცვლიშვილი.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი უსამართლობის პასუხად მე-18 დღეა შიმშილობს, არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე, მაგრამ ამ საქმის შემოქმედებიდან არავის ჰქონდეს იმედი, რომ შეძლებს რეჟიმის სახელს ამოეფაროს და მომავალში თავი იმით იმართლოს, რომ „მაშინ დრო იყო ასეთი.“
დამნაშავეებს ექნებათ კონკრეტული სახელები და გვარები:
და დღეს მე მინდა მივმართო გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც სტატუსის გასწვრივ უწერია, რომ არის საქართველოს გენერალური პროკურორი.
თქვენ ზუსტად იცით, რომ მზია ამაღლობელი არათუ პატიმრობაში არ უნდა გყავდეთ, არამედ მის წინააღმდეგ საქმე საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან მისი ქმედება არ ქმნის იმ დანაშაულის შემადგენლობას, რომელსაც ედავებით. პროპაგანდა ცდილობს, სამართლებრივი ტყუილები გაავრცელოს, მაგრამ თქვენ როგორც იურისტმა, სიმართლე ზუსტად იცით და იცით კარგად.
დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის პატიმრობის ტვირთი პირადად ზიდოთ მთელი ცხოვრება? დარწმუნებული ხართ, რომ ამ ცოდვით ცხოვრებას შეძლებთ?
მზია ამაღლობლის საქმეზე პროკურატურამ დაუყოფნებლივ უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი გათავისუფლება.
მზია ამაღლობელის საპატიმროში ყოფნა არის აბსოლუტურად უკანონო, დაუსაბუთებელი,
რა დანაშაულსაც მას ედავებიან, ეს მას არ ჩაუდენია, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა, დანაშაული - პოლიციაზე თავდასხმა, რასაც მას ედავებიან, მას არ ჩაუდენია, და მანამ, სანამ სასამართლო საკითხს სწავლობს, არანაირი საჭიროება მისი ციხეში ყოფნის, არ არსებობს.
შესაბამისად, მისი იქ ყოფნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ და ზნეობრივ გამართლებას და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, - ამბობს ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რეჟიმის ტყვე მზია ამაღლობელი საპატიმროში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.