"დღეს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელიც 60 დღეზე მეტია, დგას რუსთაველის გამზირზე" - ბოკუჩავა
"დღეს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელიც 60 დღეზე მეტია, დგას რუსთაველის გამზირზე" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის დამტკიცებას გამოეხმაურა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, PACE-ში მიღებული დოკუმენტი არის საერთაშორისო აღიარება იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა სწორედ ხელახალი არჩევნების ჩატარება და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაა.
რამდენიმე წუთის წინ ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა შედგა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც დამარცხდა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვეს ადამიანებმა, ვინც 60 დღეზე მეტია დგანან რუსთაველის გამზირზე, ვინც უკანონოდ ჰყავს დატყვევებული ივანიშვილს, გაიმარჯვა მზია ამაღლობელმა, რომლის სახელიც არაერთხელ გაჟღერდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საპარლამენტო ასამბლეაში და მთავარი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს, ჩაიდო ოფიციალურად დოკუმენტში და იმისთვის, რომ პროპაგანდამ ვერ შეძლოს რაიმე ტიპის ინტერპრეტირება, მანიპულაცია და ტყუილი, აისახა დოკუმენტში, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს მომავალ რამდენიმე თვეში და მხოლოდ ამ მიზნით ფორმალურად უნარჩუნებს უფლებამოსილებას „ქართულ ოცნებას“.
ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს არა სანქცირებული სუსი, შსს და არსებული ცესკო, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ასევე არის მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ისევე როგორც მოძალადეების დასჯის. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც ახლა უნდა მოვიყვანოთ სისრულეში, ჩავატაროთ ახალი არჩევნების, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან. ეს არის საერთაშორისო აღიარება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის სწორედ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.
PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.
რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე.